ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში დააკავეს აქტივისტი, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდის

28 სექტემბერი, 2020 • 818
ბაქოში დააკავეს აქტივისტი, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდის

დააკავეს ცნობილი აზერბაიჯანელი აქტივისტი ქიას იბრაჰიმი, რომელიც ხშირად გამოდის ომის რიტორიკის წინააღმდეგ და ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგაც იმავე პოზიციას საჯაროდ აფიქსირებდა.

ქიას იბრაჰიმის ფეისბუკ-ლაივში ჩანს, როგორ შედიან მის სახლში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. როგორც ბაქოში მცხოვრები ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი წერს, იბრაჰიმი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს.

სამი საათით ადრე ქიას იბრაჰიმმა ფეისბუკზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის ქალაქ ნაფთალანში სამხედრო დაპირისპირებისას დაღუპულ მოქალაქეთა შორის იყვნენ მეშვიდე-მეცხრეკლასელი ბავშვები და თქვა:

„ფსევდოპატრიოტები ამბობენ, რომ მათ სურთ ომი ახლა, რათა კონფლიქტი მომდევნო თაობას არ გადაეცეს. მაგრამ ისინი ვერ ამჩნევენ, რომ „მომდევნო თაობას“ მოსვლა არ აცადეს“.

წინა დღეს ის წერდა: „მე ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ პრინციპებსა და იდეოლოგიას მისდევს, მე ვაკეთებ იმას, რისიც მწამს. მე ომის წინააღმდეგი ვარ და არ შემიძლია კლავიატურას ამოფარებულმა პატრიოტული, როცა იქ ხალხი იხოცება“.

ანარქისტ ქიას იბრაჰიმოვს სხვადასხვა დროს არაერთი საპროტესტო აქცია აქვს გამართული ბაქოში. ის არაერთხელ დაუკავებიათ. 2016 წელს კი 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბაირამ მამადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის ძეგლზე საპროტესტო გრაფიტის გაკეთებისათვის.


27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი