ნეტგაზეთი | შაქარაშვილის საქმე: ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე უარი თქვეს შაქარაშვილის საქმე: ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე უარი თქვეს – Netgazeti
RU | GE  

შაქარაშვილის საქმე: ბრალდებულებმა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე უარი თქვეს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა უარი განაცხადეს მათი საქმის განხილვაზე ნაფიცი მსაჯულების მიერ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატებმა განუცხადეს.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე საქმის ამ ეპიზოდში ბრალდებულ სრულწლოვან პირებს უნდა გადაწყვიტათ, მათ საქმეზე ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანდნენ, თუ ამას მოსამართლე დამოუკიდებლად გააკეთებდა.

ვახტანგ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ, ადვოკატების განცხადებით, ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით სასამართლო განხილვებზე უარი თქვეს, ვინაიდან, მათი თქმით, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი არ საჩივრდება, დაცვის მხარე კი გეგმავს, საჭიროების შემთხვევაში ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართოს:

“მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ არის, ჩვენ შევაფასეთ გარკველწილად რისკები. ჩვენ გვაქვს სამი ინსტანცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და აქედან გამომდინარე მაინც ვენდეთ სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რა სასამართლოც გვაქვს”, – უთხრა ჟურნალისტებს არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, რომლის ფრგლებშიც ბრალი 5 პირს აქვს წარდგენილი.

შაქარაშვილის ოჯახი თავდაპირველად “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.