ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთისა და თურქეთის გამოხმაურება ყარაბაღზე

27 სექტემბერი, 2020 • 1661
რუსეთისა და თურქეთის გამოხმაურება ყარაბაღზე

ყარაბაღში დღეს მომხდარ სამხედრო დაპირისპირებას სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთი და თურქეთი გამოეხმაურნენ.

როგორც რუსული სამთავრობო RIA წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დღეს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან – მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

გამოცემა საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საუბრის დროს ორივე მხარმ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები განიხილა და სიტუაციის სტაბილიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სამთავრობო გამოცემის ინფორმაციითვე, მანამდე ლავროვი ესაუბრა სომხეთი საგარეო საქმეთა მინისტრს – ზოჰრაბ მნაცაკანიანს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, მნაცაკანიანთან საუბრის დროს, ასევე განიხილეს ცეცხლის შეყწვეტის დაუყონებლივი აუცილებლობაც.

რაც შეეხება თურქეთს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰულუსი აქარმა დღეს განაცხადა, რომ კავკასიაში “სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი ბერკეტი სტაბილურობაში სომხეთის მტრული პოზიციაა. მან [სომხეთმა] უარი უნდა თქვას აგრესიაზე, რომელიც რეგიონს ცეცხლში გაახვევს,”.

მინისტრის ამ განცხადებამდე სიტუაციას ყარაბაღში გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი იბრაჰიმ კალინი გამოეხმაურა. ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში მან დაწერა:

“ჩვენ ვგმობთ სომხეთის თავდასხმას აზერბაიჯანზე. სომხეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია საერთაშორისო სამართალი და აჩვენა, რომ მის ინტერესებში მშვიდობა და სტაბილურობა არ შედის,” – ამბობს კალინი და ამატებს, რომ თურქეთი აზერბაიჯანს სრულ სოლიდარობას უცხადებს.


დღეს დილით სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ყარაბაღში, არწახის მიმართულებით აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს. თავის მხრივ, ოფიციალური ბაქო კი აცხადებდა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა “ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს”.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ არის მსხვერპლი და დაზიანებულია შენობების ნაწილი.

მალევე მთიან ყარაბაღში საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ცოტა ხნის წინ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა სომხეთშიც.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობას დამყარებას.

ყარაბაღში საომარი სიტუაცია გამოცხადდა, ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლზეც

მასალების გადაბეჭდვის წესი