ახალი ამბები

„ქვეყნის დატოვებას აპირებდა“ – რა ბრალდება აქვს ფურცხვანიძეს

25 სექტემბერი, 2020 • 722
„ქვეყნის დატოვებას აპირებდა“ – რა ბრალდება აქვს ფურცხვანიძეს

პროკურატურა ადასტურებს, რომ დააკავეს დავით ფურცხვანიძე, — ადამიანი, რომელმაც ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს „სატელიტის გაყალბებული ფოტოები“ მიაწოდა.

დავით ფურცხვანიძეს ბრალად ედება „მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება“.

რა ხდება?

თავდაპირველად თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა ფოტომასალა, რაც, მისი თქმით, სატელიტიდან იყო გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას ასახავს 2020 წლის 19-22 ივლისს. საუბარია იმ ტერიტორიაზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს.

პროკურატურამ რამიშვილი გამოკითხა, თუმცა წყარო თავდაპირველად არ დაუსახელებია. როგორც პროკურატურა წერს, რამიშვილმა „წარმოადგინა 2 ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან“. ამის შემდეგ ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის თანახმადაც ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია.

მოგვიანებით რამიშვილმა ფოტოების წყაროდ დაასახელა მოქალაქე დავით ფურცხვანიძე. ეს დაადასტურა ფურცხვანიძემაც. ამის შემდეგ პროკურატურამ ცალკე დაიწყო გამოძიება „მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე“.

საგამოძიებო უწყების თანახმად, ამოიღეს ფურცხვანიძისა და მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა, შეისწავლეს რამიშვილსა და მას შორის კომუნიკაცია და საბოლოოდ, გამოძიებით დაადგინეს:

რას ამბობს გამოძიება?

ფურცხვანიძემ, რომელიც ხელმძღვანელობს „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისულ ცენტრს“, მედიიდან შეიტყო, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახსა და მისი ადვოკატებს ჰქონდათ ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს. „ასევე, დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით“.

პროკურატურის ბრალდების თანახმად, ფურცხვანიძემ „საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება“.

ამ გაზრახვით, გამოძიების ვერსიითვე, ფურცხვანიძე დაუკავშირდა რამიშვილს და შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება სთხოვა. გამოძიების ვერსიით, 7 სექტემბერს „სკაიპის“ საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები [წყაროს არც გამოძიება ასახელებს].

თუმცა, პროკურატურის თანახმად, ფურცხვანიძემ ეს ფოტოები იმეილით გადაუგზავნა თავის შვილს და სთხოვა, ისე დაემუშავებინა, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, „თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული“. გამოძიების ვერსიით, შვილი ასეც მოიქცა — გაყალბებული ფოტოები ფურცხვანიძეს იმეილით გაუგზავნა.

ამის შემდეგ გამოძიების ვერსია ასეთია: ფურცხვანიძე დამუშავებულ ფოტოებს whatapp-ით უგზავნის რამიშვილს, რამიშვილმა ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ისინი გაყალბებულია.

როგორც საგამოძიებო უწყება წერს, 19 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოკითხვისას ფურცხვანიძემ იცრუა და თქვა, თითქოს „მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები“.

„მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით“, – აცხადებს პროკურატურა.

ფურცხვანიძეს წარედგინება ბრალდება, რაც ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე, საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, – განაცხადეს პროკურატურაში.

გაიგეთ მეტი:

ვინ არის პირი, ვინც რამიშვილს „სატელიტის კადრები“ მიაწოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი