საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის (IRI) მისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება IRI-მ დღეს, 22 სექტემბერს, გაავრცელა.
მისია საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე ჩამოვა და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს და შეაფასებს.
“ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ის მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.
სადამკვირვებლო მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.
“ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსისი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან”, — ნათქვამია IRI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება.
როგორც ცნობილია, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) გეგმავს, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდეს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო მისიის მოდიფიცირებას არ გამორიცხავს.
ამასთან, კორონავირუსის პანდემიის გამო, NDI-ის საერთაშორისო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში და საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდება.