ახალი ამბები

NDI-ის საერთაშორისო მისია არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში დააკვირდება

4 სექტემბერი, 2020 • 981
NDI-ის საერთაშორისო მისია არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში დააკვირდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, NDI-ის საერთაშორისო მისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში და საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდება.

NDI აცხადებს, რომ გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში დაეყრდნობა საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს. ამასთანავე, NDI ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

“სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია. გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან”, – ნათქვამია NDI-ის განცხადებაში.

NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება.

არჩევნებიდან რამდენიმე დღეში კი NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება. საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს.

NDI მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა, თუმცა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.

“გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე, არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით, NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ NDI-მ აღნიშნული გადაწყვეტილება არასახარბიელო გლობალური ვითარების გამო მიიღო, ინსტიტუტი დარწმუნებულია, რომ მისი არჩევნების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველოში და მის გარეთ მყოფ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით – საკმარისი იქნება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმირებული დასკვნების გამოსატანად. NDI კვლავაც მზად არის, რომ დააკვირდეს, გააანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს არჩევნების პროცესის სანდოობასთან, გამჭვირვალეობასთან და წარმომადგენლობითობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პარლამენტის არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი