ახალი ამბები

“სოლიდარობის ალიანსი” მთავრობას საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლას სთხოვს

21 სექტემბერი, 2020 • 950
“სოლიდარობის ალიანსი” მთავრობას საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლას სთხოვს

საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლის მოთხოვნით “ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობას მიმართა.

საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოში 182.3 ლარს შეადგენს, თუმცა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი ფასების საერთო დონისა და მოქალაქეების სამომხმარებლო კულტურისა და ქცევის გათვალისწინებით, ეს თანხა არ შეესაბამება ადამიანთა თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების მინიმალურ სტანდარტებს და დაცილებულია მათგან:

“საქართველოს კანონის „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ “მიხედვით, საარსებო მინიმუმი უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. დღევანდელი ოფიციალური საარსებო მინიმუმი კი არათუ ვერ პასუხობს მოქმედი კანონის მიზნებს, არამედ მხოლოდ დიდი პირობითობით თუ ჩაითვლება საკმარისად შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის (ისევე, როგორც დადგენილი პროპორციით – ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანის) სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების მინიმალური რაციონის შესაძენად.

ამასთან, კალორიულობისა და ძირითადი ქიმიური ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) მეცნიერულად დასაბუთებულ თანაფარდობასთან ყოველგვარი მისადაგების გარეშე. შესაბამისად, ოფიციალური საარსებო მინიმუმი მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის, როგორც სოციალური სუბიექტის, ფუნქციონირებისათვის აუცილებელ რესურსს”, – ნათქვამია განცხადებაში

ნაცვლიშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემა უკავშირდება იმ მეთოდოლოგიასა და პარამეტრებს, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმის დადგენისას.

შესაბამისად, ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესი და მის საფუძველზე მიღებული მაჩვენებელი შინაარსობრივად – მცდარი, სოციალურადკი – გამოუსადეგარია:

“ქვეყანაში არსებული აგფლაციის (სურსათზე ფასების სწრაფი ზრდა სხვა საქონელთან შედარებით) დონის გათვალისწინებით – 182.3 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი არათუ დეპრივაციული სიღარიბის (როდესაც საკვები საკმარისია, თუმცა არასასურსათო საქონლისათვისა და მომსახურებისთვის პირს არ აქვს საკმარისი თანხა) ან საშემოსავლო სიღარიბის (როდესაც საკვები ენერგიის მიღების პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებულია და პრობლემა ხარისხია) დასაძლევად, არამედ ფიზიოლოგიური სიღარიბის დასაძლევადაც კი (მინიმალურ დონეზე დაბალანსებული კვების უზრუნველყოფა). მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ გადახედოს საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიას და გაითვალისწინოს ჩვენ მიერ შემუშავებული საარსებო მინიმუმის გაანგარიშების კონცეპტუალური სქემა”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

“ჩვენი და მეცნიერების გათვლით, საარსებო მინიმუმი 182 ლარის ნაცვლად, უნდა იყოს 386 ლარი”, – ამბობს ბექა ნაცვლიშვილი. მისივე თქმით, ქვეყნის სოციალური პოლიტიკა სწორედ ამ ციფრებს, 386 ლარს უნდა დაეკისროს, რომელიც კვარტლიდან კვარტლამდე იცვლება. მისი თქმით, ჯერ უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმი, შემდეგ ამას მოჰყვება პენსიების ზრდა და “რაც მთავარია, მინიმალური ხელფასის დაკავშირება საარსებო მინიმუმთან”.

“მინიმალური ხელფასის ზღვარი შეტანილი გვაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, დარგობრივმა კომიტეტმა ჩააგდო, ახლა ველოდები, რომ იქნებ კეთილი ინებონ და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილოს. არ შეიძლება ღარიბი დასაქმებულები გყავდეს ქვეყანაში. არ შეიძლება ადამიანი მუშაობდეს სრულ განაკვეთზე და ანაზღაურება ჰქონდეს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რა არის ტყუილი, რა არის მართალი, რათა გვქონდეს რეალური პოლიტიკური ორიენტირები, რომ პოლიტიკა ორიენტირებული იყოს შინაარსზე და არა რაღაც სისულელეებზე”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი