ახალი ამბები

“პირბადეებს მალე ვერ მოვიხსნით” – დროსტენის პროგნოზები პანდემიაზე

18 სექტემბერი, 2020 • 2286
“პირბადეებს მალე ვერ მოვიხსნით” – დროსტენის პროგნოზები პანდემიაზე

ზამთარი მარტივი არ იქნება – ასე უპასუხა “დოიჩე ველეს” ჟურნალისტის შეკითხვას COVID-19-ის პანდემიის პროგნოზებთან დაკავშირებით პროფესორმა და ევროპის ყველაზე დიდი, “შარიტეს”  საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორმა, ქრისტიან დროსტენმა. მისი თქმით, გლობალური პროგნოზების გაკეთება რთულია და ევროპაში სიტუაციურად არსებობს “მრავალი, განსხვავებული, რთული” სურათი. თუმცა დროსტენი ხაზგასმით აღნიშნავს, ადამიანები პირბადეებს მალე ვერ მოიხსნიან.

“ზამთარი მარტივი არ იქნება. შემდეგ წელს ჩვენ გვექნება ვაქცინები. ვფიქრობ, შემდეგი წლის ბოლომდე დაგვჭირდება დრო იმისთვის, რომ მოსახლეობა ნაწილობრივ უზრუნველვყოთ ამით. პირბადეებს მალე ვერ მოვიცილებთ, რადგან ვაქცინაცია რომც დავიწყოთ, მოსახლეობის დიდ ნაწილს ნიღბები მაინც უნდა ეკეთოს. ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა, სადაც ინფექციის ცოტა შემთხვევაა, არ იქნება ფართო იმუნიტეტი. ამას, სავარაუდოდ, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვერ ვნახავთ”, – აღნიშნავს ის ტელეკომპანიასთან საუბრისას.

პროფესორის თქმით, რთულია საუბარი მსოფლიოს სხვა რეგიონებზე. ის ყურადღებას ამახვილებს აფრიკაზე, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ფართო და მძიმე არ არის. აღნიშნულს ის ხსნის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურითა და ახალგაზრდების დიდი წილით. ამავე დროს, აზუსტებს მნიშვნელოვან დეტალსაც:

“…მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ [აფრიკის] ურბანულ ცენტრებს ვუყურებთ, სადაც ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოქმედებს ვირუსი სოფლად. ჩვენ ასევე არ ვიცით, რა სტატუსი აქვს აქ ეპიდემიას. მონაცემები აჩვენებს, რომ ინფექციის გავრცელება მცირდება, მაგრამ არ ვიცით, შეგვიძლია თუ არა ამ მონაცემის განზოგადება”.

ჟურნალისტის კითხვაზე, “როდის შეძლებენ ადამიანები, კვლავ ჩაეხუტონ ერთმანეთს”, ქრისტიან დროსტენს ერთგვაროვანი პასუხი არ აქვს. მისი თქმით, შესაძლოა, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში პირბადის ტარება ადამიანებს მომავალი წლის ბოლომდე მოუწიოთ:

“ეს ძალიან რეგიონული შეკითხვაა. არ გამიკვირდება, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობა უკვე მომავალი წლისთვის დაცული იყოს[ვირუსისგან].

ეს არ ნიშნავს, რომ მათ ეპიდემია გადალახეს, [უბრალოდ] მათი ასაკობრივი სტრუქტურის გათვალისწინებით, ეპიდემია, შესაძლოა, ისე მძიმე არ ჩანდეს. ეს შეიძლება მოხდეს აფრიკაში, მაგალითად. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ახალგაზრდა ასაკის პროფილმა დაიცვას აფრიკის მოსახლეობა.

მსოფლიოს სხვა ნაწილებში, სადაც საკითხი დგას იმგვარად, რომ თავიდან უნდა იქნას არიდებული ვირუსის ფართო გადაცემა და უნდა დაელოდონ ვაქცინის გამოყენებას, შეგვიძლია, პირბადეების ტარება 2021 წლის ბოლომდე ვივარაუდოთ. ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა შემდეგი წელი იქნება ის წელი, როცა ჩვენ გვეკეთება ნიღბები”.

პროფესორის თქმით, ყველაზე მეტად შეშფოთებულია ინდოეთის საკითხით. მისი განცხადებით, ვირუსი ქვეყანაში თითქმის უკონტროლოდ ვრცელდება. ამავეს ფიქრობს სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაზე.

“ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარი მოდის და არის რეგიონები, მათ შორის, ევროპაში, სადაც ვირუსზე კონტროლი მცირეა. ზოგიერთი ქვეყანა უკვე მომსწრეა ცივი სეზონისა, სამედიცინო და ჯანდაცვის სტრუქტურების მიმართ ნდობა კი მცირეა. არის ქვეყნები, მათ შორის, ევროპაში, რომელთაც, ვფიქრობ, ძალიან სწრაფად უნდა მიიღონ უფრო მკაცრი ზომები”, – დასძენს ის.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 900 000-ს აღემატება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირების თქმით, ოქტომბერსა და ნოემბერში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი