ახალი ამბები

„კონკრეტულ ადგილს არ ეძებდა“ – ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი დაღუპვის დღეს

18 სექტემბერი, 2020 • 1092
„კონკრეტულ ადგილს არ ეძებდა“ – ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი დაღუპვის დღეს

პროკურატურა აცხადებს, რომ შეისწავლეს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების მარშრუტი მისი დაღუპვის დღეს, რამაც აჩვენა, რომ მანქანა დილის 10:09 საათიდან გადის ბაჩალიაშვილების სახლიდან და 12:13 საათზე ჩერდება იმ ადგილას, სადაც 4 დღის შემდეგ მანქანა ცხედართან ერთად იპოვეს. გაჩერების შემდეგ კი ტელეფონი ითიშება. პროკურატურის თანახმად,  საძიებო სისტემით რაიმე კონკრეტულ ადგილს არ ეძებდა.

გამოძიების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი „უტყუარად დასტურდება მის მიერ „google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „timeline“-ის ფუნქციის მიერ ასახული მონაცემებით“ და ადასტურებს სხვადასხვა ადგილას არსებული ვიდეოჩანაწერები.

საგამოძიებო უწყების თანახმად, ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში „google“-ის ანგარიშის „timeline“-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. ამ ფუნქციით კი, უწყების განმარტებითვე, შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად „google“-ის ანგარიშზე.

„გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის „google“-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია “your timeline”-„თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი“, – აცხადებს პროკურატურა. ამის შემდეგ კი მისი მოძრაობის ტრაექტორია ასეთი იყო:

  • 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის [„იმედის“ თანახმად, ბაჩალიაშვილის ბებია] საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი;
  • 10:25 საათზე ამ ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე;
  • „Timeline’’- ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს მარნეულის მიმართულებით, სოფლების – თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით;
  • ამის შემდეგ იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით;
  • გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე;
  • შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე;
  • ეს ადგილი, თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ანგარიშის „timeline’’-ის მიხედვით, ბოლო ადგილია, — და ეს იგივე ადგილია, სადაც 22 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში იპოვეს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი.

გამოძიება ასევე წერს, რომ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.

პროკურატურის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით.

„რა ხდება ამის შემდეგ?“

18 აგვისტოს ბრიფინგზე პროკურორ ამირან გულუაშვილს ტელეკომპანია „ფორმულამ“ ჰკითხა, გაითიშა თუ არა ბაჩალიაშვილის ტელეფონი მაშინვე, როგორც კი ბოლო ადგილას გაჩერდა 12:13 საათზე და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ აქედან სხვაგან აღარ წასულა/აღარ გადაადგილდებოდა, რაზეც მან უპასუხა:

„ზოგადად, ეს „თაიმლაინი“ თავისი არსით მნიშვნელოვანი არის სისხლის სამართლის საქმეში იმდენად, რამდენადაც ძალიან ბევრი ვერსია იქნა განხილული, რომ ეს იყო მისი დანიშნულების პუნქტი. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსიები იყო გარკვეული ადამიანების მოსაზრებები, ზოგი ინფორმაციის სახით წარმოაჩენდა… ეს არ იყო ის ადგილი, სადაც თამარი მიდიოდა. მას მანამდე ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა ადამიანთან“, – უპასუხა პროკურატურის წარმოამდგენელმა.

მისი თქმით, „თაიმლაინის არსებობა ამ საქმეში არის განსაკუთრებული იმდენად, რამდენადაც იძლევა საშუალებას, მარშრუტი უტყუარად აღვადგინოთ მისი სახლიდან იმ ადგილამდე მისვლამდე, სადაც მისი მანქანა იპოვეს. შესაბამისად, ეს უწყვეტი მოცემულობა არის იმდენად ავთენტური, რომ მასში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს“.

„შემდგომ მობილური ტელეფონი ითიშება და, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, ადგილზე მისვლის შემდეგ, ვერც თაიმლაინის მონაცემი ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ თაიმლაინი აფიქსირებს გაჩერების შესაძლებლობას, მაგრამ მისი მიზანია ასახოს უწყვეტი მიზანი და გადაადგილება“.

ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ამის შემდეგ ის კიდევ გავიდა და დატოვა ტერიტორია, პროკურატურის წარმომადგენელმა იგივე უპასუხა:

„ეს არის ბოლო მარშრუტი, რომელიც ასახულია თაიმლაინის მიერ და რომელიც დააფიქსირა მობილურმა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ კონკრეტული ადგილის დაძებნას ადგილი არ ჰქონია. აქვე გასათვალისწინებელია ის ვიდეოჩანაწერები, რაც ემთხვევა თაიმლაინის ჩანაწერებს და ასახავს იმ მარშრუტს, რომელიც მან გაიარა. შესაბამისად, თაიმლაიანის მონაცემებით, ის ადგილი, სადაც გაჩერდა ავტომანქანა, არის ის ადგილი, სადაც იპოვეს მისი ავტომანქანა 22 ივლისს“, – განაცხადა მან.


საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის, „ჰიუნდაი აქცენტის“ (HYUNDAI ACCENT) მიერ.

დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის წინა მარცხენა საბურავის სარბენი ბილიკის კონფიგურაცია „მთლიანად  შესაბამისობაში მოდის ექსპერტიზაზე წარდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიადაგის ზედაპირზე არსებულ ნახატის კონფიგურაციასთან, როგორც ვიზუალური, ასევე – ტექნიკური თვალსაზრისით“.

ექსპერტიზას დაესვა კითხვა, თუ როგორ მოხდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის შემთხვევის ადგილზე გადაადგილება და ხომ არ მოხდა ავტომანქანის ბუქსირით გათრევა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ჰიუნდაი აქცენტის“ მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა.

 

ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი