ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია – პროკურატურა

18 სექტემბერი, 2020 • 873
ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გამოაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შემაჯამებელი შეფასება — უწყების თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია იყო.

როგორც რამდენიმე წუთის წინ განაცხადეს ბრიფინგზე, ეს დასკვნა ეყედნობა სამხარაულის ბიუროდან მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას სასამართლო-სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევიდან და საქმის მასალების შეჯამების შედეგად.

„თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე“, – აცხადებს პროკურატურა.

„თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი, არ აღენიშნება“.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ „ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით“.

საგამოძიები უწყება ასევე წერს, რომ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი.

„ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში, გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები), ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით“.

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება“, – აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი