ახალი ამბები

20%-ს „ალტერნატიული პარტიების“ არსებობის სჯერა – IRI

17 სექტემბერი, 2020 • 824
20%-ს „ალტერნატიული პარტიების“ არსებობის სჯერა – IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოკითხულთა 20%-ს სჯერა საპარლამენტო პარტიების „რეალური ალტერნატივის“ არსებობა, თუმცა ამ ჯგუფის 39% ასეთ პარტიას არ/ვერ ასახელებს, 16% კი ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას – ძალა ერთობაშია“.

კვლევა 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი გამოიკითხა. ამ საკითხზე კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „ზოგიერთი ადამიანი ადვოკატირებს ახალ, ალტერნატიულ, პარლამენტში მყოფი პარტიებისგან განსხვავებულ პარტიებს. გჯერათ თუ არა, რომ რომელიმე პარტია ქმნის ხელშესახებ ალტერნატივას ამ არჩევნებში“?

კითხვაზე პასუხად 20% ამბობს, რომ სჯერა ალტერნატიული პარტიების არსებობისა, 56% ამბობს, რომ არ სჯერა, ხოლო, ჯამში, 24% პასუხს არ ამბობს ან პასუხი არ იცის.

წყარო: IRI

როგორც კვლევის ავტორები წერენ, ამ კითხვას 20%-მა უპასუხა დადებითად, — უფრო ზუსტად, 301-მა ადამიანმა. ამის შემდეგ ამ 301 ადამიანს ჰკითხეს, დაესახელებინათ, თუ ვინ მიაჩნდათ ასეთ ალტერნატიულ პარტიად.

ალტერნატიულად პარტიად ამ 301 ადამიანიდან ყველაზე მეტი — 16% — ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას – ძალა ერთობაშია“. აღსანიშნავია, რომ „ძალა ერთობაშიას“, სხვა მცირე პარტიებთან ერთად, როგორიცაა „რესპუბლიკური პარტია“ და სხვები, აკომპლექტებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთაც ჰყავთ პარლამენტში წარმოდგენილი დეპუტაცია.

გამოკითხულთა ამ მცირე ჯგუფის კიდევ 9-9%-მა დაასახელა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ლელო“ და გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“.

5-5%-მა დაასახელეს ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ [„მოქალაქეები“] და „ევროპული საქართველო“, რომელსაც ასევე ჰყავს დეპუტაცია პარლამენტში.

4%-მა დაასახელა „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“. ეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების მიერ დაარსებული პარტიაა და მათი უმრავლესობაც უკვე არის პარლამენტში: მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვები.

3-3% ამბობს, რომ ასეთ ალტერნატიულ პარტიად „გირჩსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ მიიჩნევს. პარლამენტარები „პატრიოტთა ალიანსსაც“ ჰყავს.

2% ასახელებს „ლეიბორისტულ პარტიას“, 1% — უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართულ ოცნებას“, კიდევ 1% კი სულ ახლად დაარსებულ „რეფორმერს“. 1%-მა ასევე დაასახელა სხვა პარტიები.

აღსანიშნავია, რომ მათგან, ვინც ამბობს, რომ ალტერნატიული პარტიების არსებობისა სჯერა, ყველაზე მეტმა — 39%-მა — ვერ ან არ დაასახელა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ არის ეს ალტერნატივა.

წყარო: IRI


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მხარს გამოკითხულთა 33% დაუჭერდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 15%.

ამავე კვლევის მიხედვით, „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი 4%-ია, „სტრატეგია აღმაშენებელის“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსის“ – 3%, „ლელოსი“ – 2%, „სამოქალაქო მოძრაობის“ („მოქალაქეების“) – 2%, „გირჩისა“ – 2%, „დემოკრატიული მოძრაობის“ – 1%, „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ – 1%, „თავისუფალი საქართველოსი“ – 1%.

გამოკითხულთ 90% ასევე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

“ოცნება” – 33%, ენმ – 15% – IRI-ის კვლევა

მასალების გადაბეჭდვის წესი