ახალი ამბები

რას წარმოადგენს “რეფორმერი”

19 ივლისი, 2020 • 4450
რას წარმოადგენს “რეფორმერი”

რას წარმოადგენს ახალ პოლიტიკური პარტია “რეფორმერი”, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა? აქვს თუ არა კავშირი უტა ივანიშვილთან და თეა წულუკიანთან, როგორც ამის შესახებ მედია წერდა და რომელ პოლიტიკურ პარტიებთან განიხილავს კოალიციის შექმნას?

1%-იანი ბარიერი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ბევრ პატარა და ახალი პარტიას საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსს აძლევს. ეს ზრდის ძირითადი პოლიტიკური ძალების ცდუნებასაც, პარლამენტში შეიყვანონ სატელიტი პარტიები. დაბალი ცნობადობის პარტიებისთვის 1%-იანი ბარიერის მომხიბვლელობაზე მიუთითებს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაც – საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე მიმართა 68 პარტიამ, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავს.

ამ 68 პარტიას შორისაა “რეფორმერიც” რომელიც ყურადღებას იქცევს სოციალურ ქსელებში აქტიური კამპანიით. “რეფორმერი”, როგორც ახალგაზრდული საზოგადოებრივი პლატფორმა, გასულ წელს დაფუძნდა და გაცხადებულ მიზნად დასახული ჰქონდა ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობდა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას, სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებას. მიმდინარე წლის 15 ივნისს კი, “რეფორმერის” ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა საჯარო რეესტრს პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის მიმართა.

თავად თორნიკე ჯანაშვილი ბიზნესმენია. LinkedIn-ზე პროფილისმიხედვით, მას განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, რუსეთსა და იტალიაში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე შექმნილ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებსაიტ companyinfo-ს ბაზაშიიძებნება თორნიკე ჯანაშვილთან დაკავშირებული ათეულობით კომპანია, რომელშიც ის წილის მფლობელია ან დირექტორის თანამდებობაზე უმუშავია. ამ კომპანიებს შორისაა:

  • “ბლოკ-ინვესტი”, რომელიც საქართველოს მასშტაბით ბრენდული სასტუმროების მშენებელია;
  • “პარკ ჰოტელს”
  • “თბილისი ჰოტელს”
  • “ქორფორით ენერჯის ჯიი”
  • “იუნაითიდ ენერჯის ჯიი”
  • “თორი”
  • “ფუდკორპი”
  • LYME CAUCASUS
  • ბაუმ კონსთრაქშენ
  • ელ-სი ოილი
  • ჰორეკა მენეჯმენტ ედუქეიშენ
  • საბროკერო კომპანია “ვაისი” და სხვა.

რეფორმერი გამოირჩევა აქტიური კამპანიებით სოციალურ ქსელებში, დასპონსორებული პოლიტიკური რეკლამით მედიაში, პრეზენტაციებით საკონფერენციო სივრცეებში, ძვირადღირებული მანქანებით რეკლამაში და ა.შ. თორნიკე ჯანაშვილი ამბობს, რომ “რეფორმერი” სრულად მის მიერ ფინანსდება და სხვა შემომწირველი არ ჰყავს.

“მე პირადად ვაფინანსებ აბსოლუტურად ყველა აქტივობას პარტიაში, ისევე როგორც ვაფინანსებდი საზოგადოებრივ პლატფორმაში. მაქვს ათწლიანი ბიზნეს გამოცდილება, მაქვს ძალიან დიდი კომპანია, რომელშიც დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, მქონდა შეხება უამრავ დარგთან საქართველოში. იმისთვის, რომ ზედმეტი კითხვები არ დაისვას, პარტია გაივლის საერთაშორისო აუდიტს და ყველა თეთრი ღიად იქნება წარმოდგენილი მოსახლეობისთვის”, – ამბობს ჯანაშვილი.

თორნიკე ჯანაშვილის გარდა, რეფორმერის წევრები არიან: ანი ჯაფარიძე, ბიზნესის, მარკეტინგისა და პროექტების მართვის სპეციალისტი; გიორგი აბრამიშვილი,მკვლევარი, ESOMAR-ის წევრი; ლაშა პატარაია,უსაფრთხოების ექსპერტი, CASE-ის დამფუძნებელი; დავით ჯანაშვილი, ბიზნესმენი; გიორგი ავაზაშვილი, ვენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული; მაკო კუკავა, ფინანსისტი და სხვები.

იდეოლოგია, საგარეო პოლიტიკური კურსი 

პოლიტიკური პარტია “რეფორმერის” პრეზენტაცია 9 ივლისს, სასტუმრო “რუმსში” გაიმართა. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, საფრანგეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, IRI, UNDP, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

თორნიკე ჯანაშვილის თქმით, “რეფორმერი” არის ცენტრისტული პოლიტიკური პარტია, რაც ნიშნავს, რომ იზიარებს როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე მიდგომებს ისე, რომ არ ექცევა იდეოლოგიურ ჩარჩოში და კონცენტრირებულია პრობლემის მოგვარებაზე.

“ჩვენი იდეოლოგია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესაა: პროგრესივიზმი – ორიენტირებული ვართ პროგრესზე და გვინდა, რომ ახალი ხედვებით და იდეებით შევქნათ უკეთესი მომავალი; პირდაპირი დემოკრატია, იმიტომ რომ მოსახლეობა პირდაპირ და სრულად უნდა იყოს ჩართული ყველა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე; ლიბერალიზმი, რაც ნიშნავს, რომ გვჯერა, თითოეული მოქალაქის პირადი თავისუფლება და უფლებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ”, – ამბობს ჯანაშვილი.

მისი თქმით, “რეფორმერი” მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

“საქართველოში აუცილებელია პოლიტიკაში მოვიდნენ ახალი სახეები და დაწესდეს ახალი სტანდარტი. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბრიუსელში აბსოლუტურად ყველა პარტიასთან, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში, ასევე, გვქონდა შეხვედრები საფრანგეთში მთავრობასთან, სენატორებთან”, – ამბობს ჯანაშვილი.

ახლადაფუძნებული პარტიის ცნობით, “რეფორმერებმა” Renew Europe-ის ლიდერებისგან მიიღეს მიწვევა „ლიბერალურ ინტერნაციონალში“ გაწევრიანების შესახებ.

რაც შეეხება პოლიტიკას რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, თორნიკე ჯანაშვილის თქმით, ის როგორც მოსკოვთან, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლეებებთნ პირდაპირი დიალოგის წინააღმდეგია და მხარს უჭერს სახალხო დიპლომატიის გაძლიერებას ამ რეგიონებში.

რა აკავშირებს “რეფორმერს” უტა ივანიშვილთან?

რამდენიმე ვებგვერდზე ჯერ კიდევ “რეფორმერის” პოლიტიკურ პარტიად ფორმირებამდე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი უტა ივანიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლობირებდნენ პოლიტიკაში ახალი ფიგურის შემოსვლას, რომელიც აქცენტს ახალგაზრდების გაერთიანებაზე გააკეთებდა.

თავად თორნიკე ჯანაშვილი უარყოფს, რომ უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია.

“ეს არის სრული აბსურდი, ბინძური პოლიტიკური ნარატივი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მხარეების მიერ იმისთვის, რომ რომელიმე პოლუსს მიგვაკუთვნონ და ჩვენი საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მოიგონეს აბსურდული ტყუილი, მაგრამ არაფერი გამოუვათ, ვინაიდან ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ რადიკლურ გამჭვირვალეობას. საერთოდ არ ვიცნობ უტა ივანიშვილს, არც მინახავს, ერთ სივრცეშიც არასოდეს ვყოფილვარ მასთან ერთად და სიმაღთლე გითხრათ, ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, მაშინ დავგუგლე და ვნახე, როგორ გამოიყურება”, – ირწმუნება ჯანაშვილი.

სამთავრობო პროექტებში მონაწილეობა

საზოგადოებრივი პლატფორმა “რეფორმერი” დაფუძნების დღიდან არაერთ კერძო და სამთავრობო პროექტში მონაწილეობდა, მათგან ორში იუსტიციის სამინისტროსთან ერთად:

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, “რეფორმერი” ახორციელდება უფასო შემსწავლელ კურსებს 25 მზრუნველობამოკლებული ბავშვისთვის.
  • იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში “რეფორმერმა” უზრუნველყო უფასო პროგრამული ენების შემსწავლელი კურსი იქ მცხოვრები ბავშვებისთვის.
  • საფრანგეთის სავაჭრო პალატასთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, ახორციელებდა პატიმრების სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების პროექტს.
  • რეფორმერმა“ აიყვანა ფეხბურთის პროფესიონალი მწვრთნელი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, უფასოდ შეასაწავლიდა ფეხბურთს თბილისის ერთ-ერთი ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.

თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო სოციალური და არა პოლიტიკური ხასიათის პროექტები და არ ფიქრობს, რომ აღნიშნულ პროექტებში მონაწილება “რეფორმერს” “ქართული ოცნების” მთავრობასთან აფილირებულს ხდის.

“რეფორმერს” სჭირდებოდა პარტნიორები სხვადასხვა პროექტების განსახორცეილებლად და ვითანამშრომლეთ სამინისტროებთან და სხვადასხვა სტრუქტურებთან და ამას ყოველთვის გაავაკეთებთ, რათა განხორციელდეს საზოგადოების კეთილდღეობისკენ მიმართული პროექტები. სოციალური პროექტები ხორციელდება იმ დაწესებულებებთან ერთად, რომელიც მხარს უჭერს ასეთ სოციალურ პროექტებს”, – აღნიშნა მან.

არჩევნები და პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა

მიუხედავად დაბალი ცნობადობისა, თორნიკე ჯანაშვილი ამბობს, რომ არჩევნებამდე საკმარისი დროა დარჩენილი იმისთვის, რომ ამომრჩეველმა გაიცნოს, გაიზიაროს “რეფორმერის” ხედვები და შეუერთდეს პოლიტიკურ მოძრაობას. ჯანაშვილის ფიქრობს, რომ ახლადაფუძნებული პარტია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ძალიან სერიოზულ შედეგს” აჩვენებს და ახალ პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად სამთავრობო კოალიციის შექმნას შეძლებს. 

ამასთან, აცხადებს, რომ “რეფორმერი” კოალიციას არ შეუქმნის არც “ქართულ ოცნებას” და არც დღევანდელ ოპოზიციას. ის იმედოვნებს, რომ კოალიციას ახალი ადამიანები დააკომპლექტებენ, რომლებიც პარლამენტში შევლენ.

“არსებულ პოლიტიკურ მოთამაშეებთან კოალიცია ვერ წარმოგვიდგენია. 1%-იანი ბარიერია და გვჯერა, ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შევა პარლამენტში. ჩვენ შევეცდებით, დავაფუძნოთ საქმეზე ორიენტირებული მთავრობა და ამ ადამიანებთან ერთად შევქმნათ სრულიად ახალი კოალიაცია. არჩევნების შემდგომ შევთავაზებთ სრულად განსხვავებულ ფორმატს, თუ როგორ შეიძლება კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული მთავრობა ჩამოყალიბდეს. დღეს მთელი მედია ცდილობს, რომ სწორება ორ პოლუსზე გააკეთოს, ეს ორპოლუსიანობა აუცილებლად დასრულდება და თქვენ უახლოეს წლებში იხილავთ, რომ საერთოდ არავის გაახსენდება ეს ორი პოლიტიკური ძალა [“ქართული ოცნება” და ენმ]. მათთან კოალიციას გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უკვე 20 წელი იმისთვის, რომ რამე გაეკეთებინათ და დრო ამოიწურა. ახლა ახალი ძალის დროა”, – ამბობს ჯანაშვილი.

“მიამიტური და რომანტიკული პოლიტიკა”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოლიტიკაში ახალი აქტორების გამოჩენას მიესალმება, თვლის რა, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი სრულად ჩასანაცვლებელია. ამავდროულად, პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს და არა – რეალურ მოლოდინად განცხადებებს იმის შესახებ, რომ “რეფორმერი” ან სხვა რომელიმე პატარა პარტია ძირითადი მოთამაშეების – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” – გარეშე შეძლებენ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებას.

“რეფორმერს” რასაც ვუყურებ, ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურობენ. ვნახე მათი ერთი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკითხვით აპირებენ დეპუტატობის კანდიდატების წამოყენებას, ანუ საზოგადოებაში ეძებენ ავტორიტეტებს, რომლებზეც ჩამოვლენ ფსონს. ცოტა მიამიტი, თუმცა საკმაოდ რომანტიკული წარმოდგენაა, მაგრამ კარგია, რომ აქვთ ამბიცია, მოსინჯონ. ასევე, პოლიტიკის მიამიტური გაგებაა, რომ კოალიციას ენმ-ის და “ქართული ოცნების” გარეშე შექმნიან, მაგრამ ესეც პოლიტექნოლოგიის საკთხია. ბუნებრივია, არითმეტიკულად ამ ორი ძირითადი პარტიის გარეშე სამთავრობო კოალიციის  შექმნა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ყველა პარტია აცხადებს, რომ მოიგებს არჩევნებს, ისეთებიც კი, რომელსაც რეალურად 2-3%-იანი მხარდაჭერა აქვთ. ეს უფრო პოლიტიკური გზავნილია, ვიდრე რაღაც რეალური, ვინაიდან თუნდაც 1%-იანი ბარიერი რომ გადალახოს ამ პარტიამ, ესეც ეჭვქვეშ დგას. სოციალურ ქსელში ატიურობა და ეპიზოდური კამერული აქტივობები, რომელსაც ჩვენ მათი შესრულებით ვუყურებთ, ნამდვილად არ არის საკმარისი შედეგის მისაღებად”, – მიიჩნევს ხუხაშვილი.

თუმცა პოლიტიოლოგი “რეფორმერზე” საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მიესალმება ახალგაზრდულ ენერგიას,

“რაც უფრო მეტი ახალგაზრდული ენერგია, თუნდაც სუსტი, თუნდაც ბევრი შეცდომებით იაქტიურებს ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, სამომავლოდ ეს ძალიან წაგვადგება”, – დასძინა ხუხაშვილმა “ნეტგაზეტთან” საუბარში.

პოლიტოლოგი ზოგადად პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ 1%-იანი ბარიერის პირობებში რაც შეიძლება ბევრი პარტია შეეცდება პარლამენტში შესვლას. ამასთან, არ თვლის, რომ ეს სისტემურ პრობლემას ქმნის ამომრჩევლისთვის, გაარჩიოს სატელიტი პარტიები რეალური, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალებისაგან.

“მულტიპარტიული სისტემა შეიძლება არ არის იდეალური და თავისი პრობლემები აქვს, მაგრამ ისტორიის ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება გარკვეული ფილტრაცია და ამიტომ, ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ბევრი პარტია მოხვდეს პარლამენტში. რაც შეეხება იმას, ვინ სატელიტია და ვინ არა, შეიძლება ცალკეული შემთხვევები იყოს, მაგრამ მე ამას არ ვუყურებ, როგორც სისტემურ პრობლემას. უბრალოდ არის გარკვეული ჯგუფების მცდელობები – ზოგიერთი რომანტიკული ამოცანებით, ზოგიერთი შეიძლება სამომავლოდ ვიღაცასთან სავაჭროდ… მაგრამ მცირე პარტიები თუ იყიდებიან, იყიდებიან არა ამ ეტაპზე, როდესაც მათ შედეგი არა აქვთ, არამედ როდესაც კოალიციის რეალური საჭიროება დადგება. ანუ რეალური კაპიტალი უნდა შექმნან და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება  ისინი საინტერესო გახდნენ ვიღაცისთვის. ასე რომ, მე უფრო პოზიტიურად შევხედავდი ამ პროცესს”, – ამბობს ხუხაშვილი.

“რეფორმერი” ირწმუნება, რომ ერთჯერადი პროექტი არ არის და აქტივობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გააგრძელებს და ხელს შეუწყობს პოლიტიკური სტანდარტის ამაღლებას ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი