ახალი ამბები

2012 წლის შემდეგ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა – ანტისაოკუპაციო მოძრაობა

16 სექტემბერი, 2020 • 2683
2012 წლის შემდეგ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაიკარგა – ანტისაოკუპაციო მოძრაობა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “გააერთიანე საქართველო – ძალა ერთობაშიას” მიერ შეგროვებული მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის შედეგად, საქართველომ 35 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგა.

“ძალა ერთობაშია” ამბობს, რომ მონაცემების ანალიზს საფუძვლად უდევს ანტიოკუპაციური მოძრაობის 38-თვიანი პატრულირების და კვლევის ვიდეო, ფოტო და ჩვენებებით დოკუმენტირებული შედეგები. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას თქმით, აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ არ არის შემოსაზღვრული მავთულხლართებით.

“ჩვენი მეთოდოლოგია ამ ტერიტორიების ძებნის არის შემდეგი: ჩავდივართ კონკრეტულ სოფლებში და მოსახლეობას ვთხოვთ, მიგვიყვანონ იმ ზღვრამდე, სადამდეც მათ შეუძლიათ მისვლა და რომლის იქითაც ისინი ვერ ბედავენ შესვლას. ამიტომ დაერქვა ამ ზონებს “შიშის ზონები”. ეს ტერიტორია არასდროს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ეს არის ის ტერიტორია, რომელიც არცერთი რუკით არ ემთხვევა ოკუპაციის ხაზს. საქართველოს ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს ამ მიწებს, საქართველოს მოქალაქეები ვერ გადაადგილდებიან საკუთარ ქვეყანაში. ეს ტერიტორია აღარ იღებს მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკაში, იქ აღარ ვრცელდება ქართული პოლიციის კონტროლი, არ მოქმედებს ქართული ფული და აღარ ისმის ქართული საუბარი. 35 მლნ კვ.მ, იგივე 3 500 ჰა რომ წარმოიდგინოთ, არის სოხუმი და ცხინვალი ერთად, ან 12 000 საფეხბურთო სტადიონი”, – განაცხადა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა დავით ქაცარავამ.

მისი თქმით, დღეს წარმოდგენილია მხოლოდ შუალედური შედეგები, ანტისაოკუპაციო მოძრაობა აგრძელებს ცნობების შეგროვებას და დიდი ალბათობით კიდევ გაიზრდება 2012 წლის შემდეგ დაკარგული საქართველოს ტერიტორიების ფართობის შესახებ მონაცემები.

ხურვალეთი

ჩორჩანა, ჯრია

ბერშუეთი

 

მეჯვრისხევი

პერევი

ანტისაოკუპაციო მოძრაობის შეფასებით, ეს არის რუსეთთან დალაგების და არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგი, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ატარებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის აზრით, იმისთვის, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა გადაედგა შემდეგი ნაბიჯები:

  • გაეძლიერებინა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა (შეღავათებით, ინვესტიციებით, პროგრამებით);
  • გაეძლიერებინა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი ოკუპანტების ყველანაირ გადაადგილებაზე და მოქმედებაზე (პატრულირებით, პოსტებით, ონლაინ მაუწყებლობით);
  • მცოცავი ოკუპაცია ექცია ყველა საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარ საკითხად (მოპოვებული ინფორმაციით, მტკიცებულებებით, ვიდეომასალით, მკვეთრი განცხადებებით და მკაფიო მესიჯებით);
  • მიეღწია რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებისთვის საქართველოს მცოცავი ოკუპაციის, გატაცებების და მკვლელობების გამო;
  • განსაკუთრებული მიდგომით განევითარებინა ოკუპაციის მიმდებარე რეგიონი;
  • დაეცვა თითოეული გატაცებულის უფლებები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მეშვეობით.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ამბობს, რომ მოქალაქეების გატაცებისა და მცოცავი ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია შეზღუდული სახით ვრცელდება, რაც ან კონტროლის მექანიზმის ნაკლებობაზე მეტყველებს, ან საქართველოს ხელისუფლება ინფორმაციას მალავს.

“ნეტგაზეთი” დავით ქაცარავას მიერ გასაჯაროებული მონაცემების სიზუსტის გადასამოწმებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. სუს-ში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უწყებისგან ოფიციალური წერილით გამოგვეთხოვა.

იმის გასაგებად, თუ რამდენ კვადრატული მეტრ მიწაზე დაკარგა საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში, „ბათუმელებმა“ სუს-ს 24 ივლისს მიმართა და სთხოვა, მოეწოდებინა იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც მიმდინარეობს ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია. უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს სოფლების სრულ ჩამონათვალს, სადაც საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს აბამენ. უწყებაში ასევე არ უპასუხეს კითხვას, რამდენ კვადრატულ კილომეტრზე დაკარგა ქვეყანამ კონტროლი. “ბათუმელების” თანახმად, სუს-იდან მოწოდებული ინფორმაცია ძირითადად იმით შემოიფარგლება, რისი პოვნაც საძიებო სისტემა google-შიც კი შეიძლება: „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ოკუპირებულია დაახლოებით 8,7 ათასი კმ² ტერიტორია, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით – 3,8 ათასი კმ²“.

„ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი 2011 წელს დაიწყო, რომლის პირველი ნიშნები 2009 წელს გამოვლინდა. ის ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას გულისხმობს…

უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ფიქსირდება და პირდაპირ ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს ხაზის მიმდებარედ არსებული ყველა სოფლის მკვიდრზე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის საერთო სიგრძე 350 კმ-ზე მეტს შეადგენს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჯამში, 53 კმ-ზე მეტი სიგრძის მავთულხლართები და ღობეები დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ონის და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ არის გავლებული.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის სიგრძე დაახლოებით 145 კმ-ია, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ მოწყობილი ღობეების, მავთულხლართების, ტრანშეების, მიწათხრილებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების საერთო სიგრძე 49 კმ-ზე მეტია. ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგას, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება“, – ნათქვამია სუს-ის მიერ ბათუმელებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება ინფორმაციას დაღუპული და გატაცებული ადამიანების შესახებ, სუს-ის ცნობით, 2012 წლის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმების მონაწილეობით, დაიღუპა 4 ადამიანი: დავით ბაშარაული – 2014 წელი, გიგა ოთხოზორია – 2016 წელი, არჩილ ტატუნაშვილი – 2018 წელი და ირაკლი კვარაცხელია – 2019 წელი. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით „დაკავებულია“ 1033 პირი, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით კი – 1603.

„მცოცავი ოკუპაციის“ ოფიციალური დანაკარგი და თვითკმაყოფილი ხელისუფალი

მასალების გადაბეჭდვის წესი