საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.
„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, — ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
სუს-ის ცნობით, უკვე ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
“აღნიშნული შემთხვევები ნათლად წარმოაჩენს, რომ საოკუპაციო რეჟიმი კვლავ განაგრძობს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკას” – წერია განცახდებაში.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, “რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობას”.
“აღსანიშნავია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კიდევ ერთხელ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა. რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაც” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.