პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 1 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 1984 წელს დაბადებულმა პირმა, “რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა”.
“მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, [პირი] მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა”, – ამბობს შსს.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას გულისხმობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
