ახალი ამბებისაზოგადოება

„ოცნების“ „დრიმ თიმი“ — ტაქტიკა და მესიჯი

12 სექტემბერი, 2020 • 2751
„ოცნების“ „დრიმ თიმი“ — ტაქტიკა და მესიჯი

მოქმედი პრემიერი, იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, მასთან დაახლოებული დეპუტატები, თბილისის ვიცე-მერი, მორაგბე, კალათბურთელი და გამოცდილი, თუმცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ტექნოკრატები, — ასეთია „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ოცეული.

რას ეუბნება ამომრჩეველს მათი წარდგენა, — მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, — პარტიის საარჩევნო ტაქტიკასა და მესიჯზე? რა შეიძლება ამ მოცემულობაზე დაყრდნობით ითქვას „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე?

პირველი შვიდეული

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას 10 სექტემბერს გააცნო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის პირველი ოცეული, — როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უწოდა, „დრიმ თიმი“, ანუ საოცნებო გუნდი [„დრიმ თიმს“ ხშირად უწოდებენ 1992 წლის აშშ-ის ოლიმპიურ საკალათბურთო ნაკრებს, რომელსაც NBA-ის წამყვანი კალათბურთელები, მათ შორის მაიკლ ჯორდანი, აკომპლექტებდნენ – რედ].

პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი კვლავ სიის მიღმა დარჩა. პირველი ნომერი პრემიერი გიორგი გახარიაა, მეორე კი — პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. ორივე მათგანი, — რომლებიც „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო სიაშიც იყვნენ — იმავე პოსტზე განიხილება, რასაც ახლა იკავებს.

მესამე ნომრად ირაკლი კობახიძეა გამწესებული — პარლამენტარი, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გადადგა თავმჯომარის პოსტიდან. ისიც 2016 წელს შეუერთდა „ოცნების“ საპარლამენტო გუნდს. მე-4 ადგილზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია — ერთადერთი ლიდერი სიაში, რომელიც „ოცნების“ კოალიციას და გუნდს დაარსების და მმართველობის პირველი დღეებიდან მოჰყვება.

პირველ შვიდეულში, — მე-5, მე-6 და მე-7 ნომრებად — არიან პარლამენტარები: უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა და ვიცე-სპიკერი გიორგი (გაგა) კახიანი.

სხვები – ვინ ვინ არის

მე-8 ნომრად დასახელებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ ეკონომიკის მიმართულებით იმუშავებს პარლამენტში.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ის მარიამ ლაშხთან ერთად მოიხსენია, როგორც „ძლიერი მენეჯერი და კარგი ეკონომისტი“. თავის მხრივ, ლაშხი, — ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, — სიაში მე-19 ნომერია. ამასთან, სიაში მე-11-ეა მიხეილ დაუშვილი — ბიზნესომბუდსმენი, რომელიც 2019 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

ათეულში მე-9 ნომრად მოხვდა მიხეილ სარჯველაძე, რომელიც თეა წულუკიანის პირველი მოადგილეა [„ოცნების“ ლიდერებს არ დაუზუსტებიათ, წულუკიანი რიგით პარლამენტარად მოიაზრება თუ რაიმე თანამდებობაზე].

თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე, მაია ბითაძე, საარჩევნო სიაში მეათე ნომრად არის წარდგენილი. პარლამენტში ის სავარაუდოდ გარემოს დაცვის საკითხებს ჩაიბარებს — იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლიდან გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე 4-წლიანი სტაჟი ჰქონდა ამავე სამინისტროში, უფრო ადრე კი პარლამენტის გარემოს დაცვისა კომიტეტის აპარატში მუშაობის გამოცდილება აქვს.

ოცეულში ბოლო ადგილზე მოხვდა კახი კალაძის მერად არჩევის პარალელურად თბილისის საკრებულოში არჩეული დეპუტატი ბექა დავითულიანი. მანამდე ის მთავრობის ადმინისტრაციაში სამმართველოს უფროსად მუშაობდა, კიდევ უფრო ადრე კი — 2014-15 წლებში — პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თანაშემწე იყო.

სიაში მოხვდა ორი სპორტსმენი — მე-13 ნომრად საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე, მე-16 ნომრად კი მორაგბე დავით კაჭარავა. სანიკიძეს ჯერ არ უთქვამს, რა თემებზე იმუშავებს პარლამენტში, კაჭარავამ კი „იმედის“ ეთერში თქვა, რომ შეეცდება, „უფრო მეტი სპორტი“ შეიტანოს განათლების სისტემაში.

ოცეულში მოხვდნენ აკადემიური სივრცის წარმომადგენლებიც: მე-12 ნომერია გიორგი ამილახვარი, რომელიც თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორია; მე-15 ნომერია შალვა პაპუაშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) სამართლის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი.

ამ პარტიული სიით ძლიერდება საერთაშორისო ურთიერთობების/პოლიტიკის ფლანგი: მე-14 ნომრად წერია მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩის, ნატალი საბანაძის მოადგილეა, მე-17 და მე-18 ადგილებზე კი ნიკოლოზ სამხარაძე და გიორგი ხელაშვილი არიან წარდგენილები. სამხარაძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი იყო, გიორგი ხელაშვილი კი აშშ-ში საქართველოს ელჩის მრჩეველი იყო, შემდეგ კი პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი.

რა ჩანს ერთი შეხედვით

„ოცნების“ სიის პირველ ოცეულში მხოლოდ ხუთი ქალი დაასახელეს. ეს ზუსტად ის რაოდენობაა, რასაც პარტიებს კვოტირების შესახებ რამდენიმე კვირით ადრე მიღებული საარჩევნო რეგულაცია ავალდებულებდა. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი გუნდის 30 მაჟორიტარობის დეპუტატიდან ერთადერთია ქალი, ჯამში წარდგენილი 50 კანდიდატიდან მხოლოდ 6-ია ქალი — 12%.

კორონავირუსის პანდემიისა და ჯანდაცვის/სოციალური პოლიტიკოსი სფეროს სხვა არაერთი გამოწვევის ფონზე, პირველ ოცეულში არ არის დასახელებული ჯანდაცვის ან სოციალური პოლიტიკის სპეციალისტი [როცა, მაგალითად, „ოცნებისსავე“ 2016 წლის სიაში მე-6 ადგილს იკავებდა კაკი ზოიძე, რომელიც მოგვიანებით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა]. თუმცა, უნდა აღინიშოს, რომ სიის გარეთ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობს დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი.

ოცეულში ვერ მოხვდნენ ვერც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, — როდესაც 2016 წლის იმავე სიაში მე-19-მე-20 ადგილებზე რუსლან პოღოსიანი და მახირ დარზიევი იყვნენ წარდგენილები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოცეულში, თეა წულუკიანის გარდა, არ არიან დასახელებულნი მოქმედი მინისტრები.

მაჟორიტარები და სტრატეგია

ჩამოთვლილი ოცი კანდიდატის გარდა, ამ დროისთვის ცნობილია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30-ვე კანდიდატი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 11 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მათგან 19 ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ამ 30-დან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში „ქართული ოცნების“ შემომწირველი და მთლიანობაში მათ პარტიას ₾740,826 შესწირეს.

ამასთან, კვლევის თანახმად, მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები არიან სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც და, მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას ₾3,702,826 შესწირეს.

სიის პირველი ოცეულში მაჟორიტარობის დეპუტატებიდან არავინაა დასახელებული. სიის შემდეგ ნაწილებშიც თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარებს საარჩევნო სიით არ დააზღვევს.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP-ის) ანალიტიკოსი ლევან კახიშილი, რომელიც ბამბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლის (BAGSS) დოქტორანტია, მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის გადმოსახედიდან, სტრატეგიულად უფრო გამართლებული იყო, შედარებით ცნობადი სახეები, — რომლებსაც, ცნობადობასთან ერთად, დამოუკიდებელი ფინანსური რესურსიც გააჩნიათ, — მაჟორიტარულ ოლქებში დაეყენებინათ კანდიდატებად, პროპორციულ სიაში კი დაესახელებინათ ის ადამიანები, „ვინც იციან, რომ სჭირდებათ, თუმცა ვინც მაჟორიტარად კენჭისყრას ვერ გარისკავს“.

„ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე საუბრობდა ახალი სახეების საჭიროებაზე. მმართველი გუნდის ლიდერებმა თქვეს, რომ, რომ პარტიაში ხალხის მოზიდვა და „ახალი სახეებით პარტიის გაძლიერება“ სურდათ [ვრცლად ამ თემაზე: რას ამბობს „ოცნების“ მიერ ახალი სახეების ძიება პარტიულ პოლიტიკაზე | ინტერვიუ].

აქედან რამდენიმე თვეში პარტიას კადრების პრობლემა კიდევ უფრო გაუმწვავდა: პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ პარტიის რიგები არაერთმა სახემ დატოვა — თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და სხვებმა. ცოტა ხანში პარლამენტიდან და მთლიანად პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გამოაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძემ.

„მართლაც იმდენი ხალხი წავიდა „ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციებიდან, რომ ბუნებრივია, სიის გადახალისება საჭირო იყო“, — გვეუბნება ლევან კახიშვილი და დასძენს, რომ მმართველი პარტიის გადმოსახედიდანვე, შესაძლებელი იყო, ბიუროკრატიულ აპარატში დასაქმებულები, ვინც იზიარებს პარტიის პოზიციებს და რომელთანაც დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებდა, გამოეყვანათ ასპარეზზე.

ლევან კახიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სიაში ახალი სახეები საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებიან: „არ მგონია, რომ მათ დამატებითი ღირებულება ჰქონდეთ „პიარის“ თვალსაზრისით. თუმცა, — იმის ფონზე, რომ მაჟორიტარებად გამოცდილ ხალხს წარადგენენ, — პარტიის ლიდერები იტყვიან, რომ ახალი სახეები ჰყავთ. და კარგია, რომ ახალი სახეები მართლაც ჰყავთ. უბრალოდ ამ ახალი სახეების ნაწილთან მიმართებითაც არსებობს კითხვები – რატომ ისინი და არა, მაგალითად, ვინმე სხვა, ვისაც შესაძლოა უფრო შეეფერებოდეს პარლამენტარობა“…

„კობახიძის გარემოცვის ლიდერობით“?

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, — რომელიც 2012-16 წლებში სახელმწიფო მინისტრი იყო „ქართული ოცნების“ კოალიციიდან და „რესპუბლიკელების“ წევრი, — „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „თუ ეს გვარები აქ იმიტომაა, რომ თქვან, ახალი გვარები გვაქვსო, ეს საკმარისი არაა“ და მიუთითებს, რომ „თავისთავად ის, რომ 20 ადამიანში 2 სპორტსმენია, რომელსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს, მრავლისმთქმელია“.

„მაგრამ აქ გაცილებით მრავლისმთქმელია ის, რომ პირველ ხუთეულში თუ შვიდეულში არის ის წამყვანი ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში, — კობახიძის გარემოცვა“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, მმართველობის 8 წლის თავზე, ისინი არიან იმ ტიპის ლიდერები, ვისაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი ეკა ბესელია „კობახიძის გარემოცვაში“ ასახელებდა მამუკა მდინარეძეს, არჩილ თალაკვაძეს, ანრი ოხანაშვილს, დავით მათიკაშვილსა და სოფიო კილაძესაც. ოხანაშვილი, მათიკაშვილი და კილაძე ოცეულში არ მოხვედრილან, თუმცა მოხვდნენ თალაკვაძე და მდინარაძე [პარტია სავარაუდოდ უახლოეს კვირებში დაასახელებს სიაში დანარჩენ კანდიდატებს].

ზაქარეიშვილს სიის გაცნობის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა: „ბიძინა ივანიშვილი იმდენად ენდობა ერთი მხრივ, გახარიას და, მეორე მხრივ, კობახიძის ჯგუფს, რომ აშკარად აღარ ჩათვალა საჭიროდ, გააძლიეროს სია თავისი გვარის იქ ყოფნით“. და, მისი შეხედულებითვე, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც იქნა, იპოვა თავისი გუნდი:

„მას ჰქონდა ექსპერიმენტები სხვადასხვა პარტიასთან, — რესპუბლიკელებთან, თავისუფალ დემოკრატებთან, — სხვადასხვა ფიგურასთან, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილთან, გიორგი კვირიკაშვილთან… დიდი ხნის განმავლობაში ძიებაში იყო და შემდეგ, 2018 წლიდან, მეტნაკლებად ჩამოყალიბდა, — გამოჩნდა მკაფიო ხედვები. იპოვა „თავისი ხალხი“, რომელთაც იმდენად ენდობა და მათით იმდენად კმაყოფილია, ჩათვალა, არც კი ღირს საკუთარი თავის ჩართვა პოლიტიკაში“.

აქ ის განსხვავებებზეც საუბრობს: „გახარია პრემიერ-მინისტრია, ხალხის ნაწილის თვალში წარმატებული და ამ ხალხში სიმპათია დაიმსახურა. ამ ჯგუფს კი მოსახლეობის არანაირი სიმპათია არა აქვს. ივანიშვილი ეყრდნობა მათ, მათს ერთგულებას. გახარია ეცდება, მაქსიმალურად ერთგული იყოს, — და შეიძლება, რაღაც მომენტში მას იგივე ბედი ეწიოს, რაც თავის დროზე კვირიკაშვილსა და ღარიბშვილს ეწიათ, რომლებიც საკუთარ თამაშებს თამაშობდნენ, — მაგრამ გახარიას, როგორც პრემიერს, პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება მოუწევს, ამ დეპუტატებს კი არანაირი პასუხისმგებლობა არ ექნებათ“.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, გიორგი გახარია, „ოცნების“ გეგმით, „გამოდის პარლამენტიდან და პრემიერი ხდება, რაც სხვა პასუხისმგებლობას აკისრებს“, კობახიძის გარემოცვა კი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ იქნება: „ეს 4-5 ადამიანი კი არის ღერძი პარტიისა, რომლის ამოცანა იქნება, რამე გადაცდენა არ მოხდეს პარლამენტში, რომ პარლამენტი იყოს სანდო „ნოტარიუსი“, რომელიც დაამტკიცებს ქართული ოცნების ინტერესებიდან გამომდინარე დოკუმენტებს“.

„ტექნოკრატები“ და „ანგარიშვალდებულება“

თუმცა ამ სიაში ნამდვილად არიან ახალი სახეები. ისეთივე ახლები, როგორებიც 2016 წელს თალაკვაძე [მანამდე შს მინისტრის მოადგილე] და სხვები იყვნენ. რატომ არ შეიძლება ისინი კარგი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ? ზაქარეიშვილი ამბობს:

„ცხადია, ამ ახალგაზრდებს თავიანთი ინტერესები ექნებათ. მაგრამ ბრეჟნევის დროსაც კი, ერთ ჯგუფში იყო შევარდნაძე და მეორე ჯგუფში იყო [მიხეილ] სუსლოვი. ერთი სიტყვით, ასეთ მყარ ორგანიზაციაშიც კი [როგორიც იყო საბჭოთა კავშირის კომ.პარტია] იყო შიდა დინებები და შეუძლებელია, „ოცნებაშიც“ არ იყოს შიდა დინებები“.

პაატა ზაქარეიშვილი

მაგრამ ის ხაზს უსვამს გარემოებას, რომ ჩამოთვლილ პირებს/ცნობილ სახეებს მიღმა დასახელებული კანდიდატები „პოლიტიკოსები არ არიან — ადგილობრივ ხელისუფლებაში არ ყოფილან, პარტიული პირები არ ყოფილან, წინასაარჩევნო კამპანიებში არ უბრძოლიათ, ოპოზიციაში არ ყოფილან, ხელისუფლებაში არ ყოფილან. პარლამენტში კი საჭიროა პოლიტიკოსები – პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირები“.

ამ მხრივ, — ამბობს ზაქარეიშვილი, — არც კობახიძის ჯგუფი გამოირჩევა: „ისინი არ გამოირჩევიან პოლიტიკური გამჭრიახობით. მეტიც, — ირაკლი კობახიძის პოლიტიკური გამოცდილება, თუ ამას ასე შეიძლება ეწოდოს, იყო ის, რომ „გავრილოვის ღამეს“ [20-21 ივნისს] ბაქოდან დაიქადნა, არ გადავდგებიო და მერე გადადგა. ესეც კი ვერ გათვალა კაცმა. მას არანაირი პოლიტიკური გამოცდილება რა გააჩნია“.

„ეს ტექნოკრატები“, — გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი, — „მხოლოდ აღნიშნული ჯგუფის წინაშე იქნებიან ანგარიშვალდებულები“ და მუშაობის ასეთ სქემას სახავს:

„ბიძინა ივანიშვილი მიიღებს რჩევებს არაკონსტიტუციური წარმონაქმნის წიაღიდან, „მრჩეველთა საბჭოდან“, — ექსპერტთა ჯგუფიდან, რომელიც მასთან არის დაახლოებული; შემდეგ ივანიშვილი „კობახიძის გუნდს“ ეტყვის, რომ საჭიროა ამა თუ იმ გადაწყვეტილების დამტკიცება, — მოსამართლეებზე თუ სხვა საკითხზე, — და ეს ხალხი ამაში უკვე გამოცდილია. სიის შვიდეულს მიღმა კი არის ის ხალხი, ვინც შეასრულებს მათ განკარგულებებს. და ერთადერთი პრინციპი, რითაც ისინი რეალურად არიან შერჩეულები, არის ის, რომ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ უნდა ჰქონდეთ“.

საბოლოო ანგარიშში, „ქართული ოცნების“ პარტიულ-პროპორციული სიის ოცეულის გაცნობის შემდეგ ზაქარეიშვილს ასეთი შთაბეჭდილება დარჩა: „ეს არის მმართველი გუნდის მიერ ქართული საზოგადოებისთვის შეტყობინება, რომ არაფერი არ შეიცვლება. რაც არის, ის იქნება“.


სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ სიაც და ტაქტიკაც ოპოზიციურმა პარტიებმაც გააკრიტიკეს, — სხვადასხვა არგუმენტით. „ქართულ ოცნებაში“ ეს კრიტიკაა არ გაიზიარეს. წარდგენის შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ყველამ ძალიან კარგად ნახა, თუ რამდენად ძლიერი, განახლებული, პროფესიონალებით სავსე პირველი ოცეული იქნა წარმოდგენილი“.

„ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება, დაასახელოს მეორე პარტია, რომელსაც შესწევს ძალა და ამდენი რესურსი აქვს, რომ ზედიზედ მეორე საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი განახლება გააკეთოს“, – განაცხადა მან და თქვა, რომ სრულ სიაში იქნება როგორც კიდევ „ბევრი ახალი, საინტერესო სახე, ასევე მოქმედი დეპუტატები“…


ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებები „ქართული ოცნების“ სიაზე და მმართველი პარტიის პასუხები წაიკითხეთ აქ:

გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

 

მასალების გადაბეჭდვის წესი