ახალი ამბები

“ოცნებაში” ახალი სახეების მოზიდვის მიმართულებას კალაძე უხელმძღვანელებს

7 მარტი, 2019 • 1653
“ოცნებაში” ახალი სახეების მოზიდვის მიმართულებას კალაძე უხელმძღვანელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტია “ქართულ ოცნებაში” ახალი სახეების მოზიდვის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ აღნიშნულ მიმართულებას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახი კალაძე უხელმძღვანელებს.

„კერძო კომპანია იქნება, ალბათ, ჩართული საქმიანობაში – არა საკადრო თემებში, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული განვითარების საკითხებზე ყველა დარგსა და ყველა სფეროში. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მოისაკლისებს ინფორმაციას. მე არ მინდა ამას დავარქვა პიარული კომპანია მხოლოდ, მაგრამ რეალურად საზოგადოებისთვის ბევრი რამ უნდა იყოს ცნობილი. ეს სტრატეგია უნდა იყოს კარგად დალაგებული და, ვფიქრობ, ამაში კარგი, მაღალი დონის პროფესიონალი, თუნდაც უცხოური კომპანიის ჩართვა არის აუცილებელი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ახალი სახეების მოზიდვის მიზნით გუნდში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ პროცესში კერძო კომპანიის ჩართულობას არ ადასტურებს.

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პარტიაში მიდის მუშაობა, რომ გუნდს ახალი სახეები შემოემატოს. ეს არ ეხება მხოლოდ პარტიის ლიდერშიფს, საუბარია რაიონულ ორგანიზაციებზე, პარტიის გაძლიერებაზე ახალი სახეებით… იმ ინფორმაციას დაგიდასტურებთ, რაც დღეს გავრცელდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ ჩვენ ამისთვის არ გვჭირდება რაღაც კომპანიების დაქირავება, არსებობენ ჩვენს პარტიულ სისტემაში ჯგუფები, რომლებიც ამას ისედაც უზრუნველყოფენ”,- განაცხადა მდინარაძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში.

“ინტერპრესნიუსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია ჰყავს დაქირავებული. სააგენტოს ინფორმაციით, დეპუტატებმა მიიღეს დავალება, რეკომენდაცია გაუწიონ კვალიფიციურ ადამიანებს, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ. ასევე მითითება მიეცა პარტიის საქალაქო და რაიონულ ორგანიზაციებს, ასეთ კადრებს პარტიასთან თანამშრომლობა შესთავაზონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი