ახალი ამბები

რა კავშირია სპორტსმენების პარლამენტში შესვლასა და დაავადებების პრევენციას შორის

11 სექტემბერი, 2020 • 1110
რა კავშირია სპორტსმენების პარლამენტში შესვლასა და დაავადებების პრევენციას შორის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩევს, რომ სპორტსმენებს, რომლებიც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არიან, საპარლამენტო საქმიანობა არ გაუჭირდებათ.

ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა პრინციპით შეირჩნენ სპორტსმენები, რომლებსაც სავარაუდოდ გაუჭირდებათ საკანონმდებლო საქმიანობა.

“თქვენ თუ გგონიათ, რომ გაუჭირდებათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა, ძალიან მძიმედ ცდებით. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში სამაგალითოები იყვნენ თავისი საქმიანობით. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულება, გვაქვს სხვა მიმართულებებიც და ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ადრეული პრევენცია ბევრი რამის, მათ შორის დაავადებების. დაავადებებზე როდესაც არის საუბარი და ძალიან სერიოზული ჯანდაცვის პაკეტი შევთავაზეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში მოსახლეობას, ადრეული პრევენციაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავდეს ჯანმრთელი ადამიანი, რომ ბევრი დაავადებული ადამიანის დაფინანსება კი არ დაგვჭირდეს, არამედ ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპებზე  შევთავაზოთ ისეთი სერვისები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ. აქედან გამომდინარე სპორტი, ჯანსაღის ცხოვრების წესის დამკვიდრება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, რასთან დაკავშირებითაც წარმოუდგენელია ან ერთმა ან მეორე სპორტსმენმა, რომელმაც ჩვენს სიაში მოხვდა, სერიოზული წვლილი არ შეიტანოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ვეტერანი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან. ვიქტორ სანიკიძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს მისთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა არ უპასუხია კითხვაზე, რა მიმართულებით იმუშავებს პარლამენტში.

რაც შეეხება კაჭარავას, მან ტელეეთერში განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა თავისი ინიციატივა იყო.

გახარია, თალაკვაძე და სხვები – “ოცნების” სიის პირველი 20-ეული

მასალების გადაბეჭდვის წესი