ახალი ამბები

შსს: ხომასურიძე მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს

11 სექტემბერი, 2020 • 1308
შსს: ხომასურიძე მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების ბრალდებით დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ხომასურიძემ

“საქმეში არსებული მტკიცებულების ფალსიფიკაციის, გამოძიებისთვის ხლეის შეშლის და დანაშაულში ბრალდებულთათვის მოსალოდნელის სასჯეილის თავიდან არიდების მიზნით დანაშაული დაგეგმა და სისრულეში მოკიყვანა.

კერძოდ, ბრალდებული დაუკავშირდა მეგობარს, რომელსაც დაავალა რეგისტრაციის გარეშე ორი მობილური ტელეფონისა და სიმ ბარათის შეძენა. ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით sms შეტყობინებების გაგზავნა” – აცხადებენ უწყებაში.

შსს-ის განცხადებით, ერთი მობილური ტელეფონი თავად თამაზ ხომასურიძეს ჰქონდა,  რომლიდანაც შეტყობინებებს შსს-ის და სუს-ის შენობების მიმდებარე ტერიტორიიდან აგზავნიდა:

“ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან – გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი” – აცხადებენ უწყებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ  ხომასურიძემ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა:

“გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას – მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით” – აცხადებენ უწყებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი