ახალი ამბები

ნიკოლაძე: ხომასურიძის მხრიდან მუქარაზე შსს-სთვის მქონდა მიმართული

11 სექტემბერი, 2020 • 660
ნიკოლაძე: ხომასურიძის მხრიდან მუქარაზე შსს-სთვის მქონდა მიმართული

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წარმომადგენელი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ-ს მამის მხრიდან მუქრასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჰქონდა მიმართული, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თამაზ ხომასურიძე უწყებას სხვა საქმესთან დაკავშირებით დაეკავებინა.

ნიკოლაძე ამბობს, რომ ხომასურიძე მას არამხოლოდ საჯაროდ, პირადადაც დაემუქრა სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” მიმოწერაში. ამასთან, ნიკოლაძე აცხადებს, რომ ზ.ხ-ს მამა გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეებს, იაკობ ბრეგვაძეს და გურამ ამირხანაშვილსაც ემუქრებოდა:

“2.5 თვე ვაცდიდი ამ კაცს, ცოტა გონს მოსულიყო და ადეკვატური დამოკიდებულებები გამოეძებნა. ის გახდა აგერსიული და ბოლოს პირად სივრცეში შემოიჭრა. საჯარო მუქარებიც იყო, პირად ფეისბუკზეც მომწერა მუქარის შემცველი ტექსტები. გარდა ამისა, სხვა მოწმეებსაც ემუქრებოდა, ბრეგვაძეს, ამირხანაშვილს. მუქარაზე შსს-ს განცხადებით მივმართე და დავიკითხე კიდეც.  საბოლოო ჯამში, მე მგონია, ის კანდიდატია ბევრი მუხლის. მე არაფერი ვიცი ტელევიზიით გავიგე”, – ამბობს ნიკოლაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს.

აღნიშნულს არ უარყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ თემაზე მოგვიანებით გაავრცელებენ განცხადებას.

ხომასურიძის დაკავებაზე ინფორმაცია არ აქვს მისი შვილის უფლებადამცველს. ადვოკატმა გიორგი გელხაურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ეს ინფორმაცია მედიიდან შეიტყო.

შსს ხომასურიძის დაკავებაზე: მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი