ახალი ამბები

სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

10 სექტემბერი, 2020 • 1140
სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, აფხაზეთიდან უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი და მისი ოჯახის წევრი დააკავეს. ინფორმაციას „ტვ პირველი“ და „მთავარი არხიც“ ავრცელებენ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საგამოძიებო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა და ამ უწყებასთან გადაგვამისამართეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი გვითხრეს, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ და ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებული აქვთ.

საგამოძიებო სამსახურის გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“ დააკავეს ორი პირი „მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე ჯგუფურად გადაზიდვის ფაქტზე“.

უწყების ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, გამოძიება კი მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით [უაზქციზო სიგარეტის ჯგუფურად შენახვა/რეალიზაცია/გადაზიდვა], რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

უწყებას არ ჰქონდა დაკონკრეტებული, იყო თუ არა დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი და „ნეტგაზეთთან“ არც დამატებითი კომენტარი გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი