ახალი ამბები

საზმაუს რეიტინგი 5.11% იყო, მაღლაფერიძე 15%-ს გეგმავდა – IDFI-ის კვლევა

9 სექტემბერი, 2020 • 1584
საზმაუს რეიტინგი 5.11% იყო, მაღლაფერიძე 15%-ს გეგმავდა – IDFI-ის კვლევა

დაანონსებული რეფორმიდან 3 წლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთო და კონკრეტული გადაცემების რეიტინგების შესახებ ინფომაციას არ ასაჯაროებს, ასევე უცნობია მათი საშტატო ნუსხა და შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობაც – ამის შესახებ საუბარია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც მაუწყებელში ვასილ მაღლაფერიძისა და მენეჯმენტის ახალი გუნდის რეფორმის სამ წელს აჯამებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყნის მთლიან პროდუქტზე მიბმული მაუწყებლის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, მაუწყებელმა 2019 წელს 45 მლნ ლარის ოდენობის სესხიც აიღო, რომლიც ტექნიკური გადაიარაღებით დასაბუთდა. კვლევის თანახმად, მაუწყებელმა სესხის თანხა, რომელიც კაპიტალურ ხარჯებს უნდა მოხმარებოდა ბოლომდე ვერ აითვისა და 2020 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი სწორედ ამ გაუხარჯავი სესხის მომსახურებას უკავია.

წყარო” IDFI

“საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის ფინანსური რესურსები გაორმაგდა. დაიწყო ტექნიკური საშუალებების განახლება (კამერები, ხმის აპარატურა, განათებები ა.შ), მაუწყებელმა შეისყიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. დაიგეგმა ახალი შენობის აშენება და შეისყიდა არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები. 2017-2019 წლებში, რეფორმის კაპიტალურ ნაწილზე უკვე დაიხარჯა დაახლოებით 14 მლნ. ლარამდე,”-ვკითხულობთ კვლევაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რეფორმის მიმდინარეობა და გაწეული ხარჯები რეფორმის შედეგებთან მიმართებაში შეფასდეს. რადგან რეფორმის ძირითადი ამოცანა მაუწყებლის ტექნიკური განახლება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება იყო, საბოლოო მიზანს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდა წარმოადგენდააქედან გამომდინარე, IDFI-ში მიიჩნევენ, რომ გაურკვეველია მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს მაუწყებელი აღებული სესხის გამოყენებით.

რაც შეეხება რეიტინგს, IDFI-ის ინფორმაციით, მაუწყებელმა არ მიაწოდა არხის არც წლიური და არც ცალკეულ გადაცემათა რეიტინიგი და ის საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ მთვლელ კომპანია TVMR-თან გადაამისამართა. ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა რომ, მთვლელები კერძო კომპანიები არიან და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, არ აქვთ საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება, TVMR საქართველომ მაუწყებლის რეიტინგებზე ინფორმაცია IDFI-ს მიაწოდა. შედეგად კვლევაში გამოყენებულია TVMR-ის მაჩვენებლები, რომლითაც  დგინდება, რომ ყოველკვირეული მონაცემებით გამოთვლილი წლიური რეიტინგის თანახმად, მაუწყებლის ბაზრის წილმა 5.11% შეადგინა.

“3 წლის მანძილზე განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი (აუდიტორიის წილი) მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. საქართველოში ნილსენის ლიცენზირებული წარმომადგენლის, კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო“-ს (TVMR) მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი არხის ბაზრის წილი 2017 წელს 3,63 %-მდე შემცირდა (რეფორმის დაწყებამდე არხის ბაზრის წილი, 2015 წელს, 3,92 % იყო, ხოლო 2016 წელს -3,7 %).

წყარო: IDFI

კომპანია TVMR-ს არ აქვს გამოქვეყნებული 2018-2019 წლის საბოლოო შედეგი (არხების
აუდიტორიის წილის წლიური მონაცემები), თუმცა კომპანიის საიტზე არსებული ინფორმაციის
მიხედვით შესაძლებელია კვირების მიხედვით რეიტინგის ხილვა, რომლის მიხედვითაც, ჩვენ
გამოვთვალეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის (საქართველოს პირველი არხის) 2018-2019 წლების საშუალო წლიური რეიტინგი (აუდიტორიის წილი)”, – აცხადებენ IDFI-ში და განმარტავენ, რომ 2018 და 2019 წლების აუდიტორიის საშუალო წილი გამოთვლილია TVMR-ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ყოველკვირეული აუდიტორიის წილის (SHR%) გამოყენებით და შესაძლოა შეიცავდეს მცირე უზუსტობებს; ვებგვერდზე მითითებულია შესაბამისი სამიზნე აუდიტორია და დროის მონაკვეთი.

ნეტგაზეთი აღნიშნული მონაცემების გადასამოწმებლად ცდილობს მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თინათინ ბერძენიშვილთან დაკავშირებას.

IDFI-ის ცნობით, 2018 წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი უმეტესწილად 4%-ს არ ცდებოდა. მაუწყებლის რეიტინგის ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა 24-ე და 28-ე კვირების შუალედში, როდესაც 1 არხის რეიტინგმა 13%-ს მიაღწია (24-ე კვირას). რეიტინგის ეს ზრდა უკავშირდება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2018 წელს რუსეთში ჩატარდა.

“2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს აშუქებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი. ჩემპიონატის მიმდინარეობა, 14 ივნისი-15 ივლისი, ემთხვევა 1 არხის რეიტინგის ზრდას (2018 წლის 24-ე კვირიდან 28-ე კვირის ჩათვლით). 1 არხის რეიტინგის პიკი-კვირა ასევე ემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიის კვირას, მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა 2018 წლის 14 ივნისს (2018 წლის 24-ე კვირა). არხი მის ჩვეულ რეიტინგს დაუბრუნდა უკვე 29-ე კვირას, მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა 15 ივლისს (2018 წლის 28-ე კვირა). შესაბამისად, 2018 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმეკვირიანი რეიტინგის ზრდა ვერ იქნება მიმდინარე რეფორმის შედეგი და უკავშირდება ერთჯერად ღონისძიებას. 2019 წლის იმავე პერიოდში მსგავსი ზრდა არ ფიქსირდება. რეიტინგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასულ წელს მე-12 კვირაში დაფიქსირდა და 6.83% შეადგინა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

IDFI-ის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო პერიოდში მეტწილად ინტერნეტ რეიტინგებს აკვირდება და აქტიურად აქვეყნებს მათივე ანალიტიკური სამსახურის კვლევებს, რომლებიც ეყრდნობა Alexa.com-ის, YouTube.com-ისა და Google Analytics-ის მონაცემებს, რომლის თანახმადაც ტელევიზიების YouTube არხების ჯამურ რეიტინგებში ნახვების რაოდენობის მიხედვით საქართველოს პირველი არხი პირველ ადგილს იკავებს.

“ტელევიზიების ვებ გვერდების რანგირებაშიც 2019 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, პირველი არხი ლიდერობდა, ხოლო საინფორმაციო პორტალების რეიტინგში მე-3 ადგილზე იყო. აღსანიშნავია, რომ მაუწყებლის რეიტინგებზე საუბარი ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ დაიწყო. მანამდე არსებული მენეჯმენტი თვლიდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ამოცანები არ მოიაზრებდა მაღალი რეიტინგის ქონის ვალდებულებას. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირინა ფუტკარაძე დღემდე ასე მიიჩნევს. თუმცა, მენეჯმენტი ამ შეხედულებას არ იზიარებდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ მოხვდა მაუწყებლის ეთერში სხვადასხვა მეგა შოუ, რომელთაც 2020 წელს კიდევ ერთი “THE VOICE” დაემატება”, – აცხადებენ IDFI-ში.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კვლევაში გამახვლდა ყურადღება მაუწყებლის ახალი შენობა და არსებულის გაყიდვა იყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერზე წინადადებების მიღება 2020 წლის სექტემბერში იწყება. რაც შეეხება მაუწყებლის რეფორმას, 2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან.

“TVMR-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს. მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო,”-წერია კვლევაში.

IDFI-ის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა ჯერ კიდევ 2017 წელს უკვე ყოფილი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის დირექტორად არჩევის დროს დაანონსდა, რაც გულისხმობდა არხზე კიდევ ერთი რეორგანიზაციის პროცესი დაიწყებოდა, რომლის მიზანი ტექნიკური გადაიარაღება, თანამშრომელთა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნა და ტელეარხისთვის ახალი შენობის შეძენა იყო. რეფორმის ძირითად ამოცანად მაუწყებლის ტექნიკური განახლება, ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გადაცემების რეიტინგის გაუმჯობესება დასახელდა.

“მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭომ და ახალმა გენერალურმა დირექტორმა მკაფიოდ განსაზღვრონ მაუწყებლის პრიორიტეტები, რომელიც თანხვედრაში იქნება მაუწყებლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებთან. ამასთან, აუცილებელია მენეჯმენტმა გაითვალისწინოს მაუწყებლის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და უზრუნველყოს მაუწყებლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი