აქტივისტ ისაკო დევიძესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო, რაც მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დაამტკიცა. ისაკო დევიძე ციხეს 6 თვეში დატოვებს.
სასამართლომ ისაკო დევიძეს განაჩენი დღეს, 13 ივლისს გამოუტანა და მას 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ისაკო დევიძე 17 იანვრიდან, უკვე 6 თვეა, პატიმრობაში იმყოფება, შესაბამისად, შეფარდებული საპატიმრო განაჩენის სრულად მოხდამდე მას 6 თვე დარჩა.
მის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, მაქსიმალური სასჯელი, რაც ელოდა, 2-წლიანი პატიმრობა იყო.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული წესით მორიგ ჯერზე დაკავებული აქტივისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იანვარში დაიწყო მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობის საფუძველზე. [სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილი.] ისაკო დევიძეს ასევე ბრალად ედებოდა სამართალდამცველი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობა არაერთგზის. [სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე ტერცია მუხლი.]
მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, როცა პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 2025 წლის დეკემბერში, ისაკო დევიძემ სხდომათა დარბაზში მოსამართლე ზვიად ცეკვავას კომპიუტერს ხელი დაარტყა და დააზიანა. მაშინ ცეკვავამ ისაკო დევიძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. როგორც თავად ისაკო დევიძემ განმარტა, მისი მხრიდან „მოსამართლის შეურაცხყოფის“ საფუძველი, სანამ ამ ქმედებას ჩაიდენდა, იყო ის, რომ მაშინ, როცა საშინელებები ხდებოდა გარეთ, მათ შორის სასამართლოს შენობაში, მოსამართლეები დიდი ხელფასების სანაცვლოდ კაბინეტებში არიან შეკეტილი. ისაკო დევიძემ თქვა, რომ ამ ყველაფრის ფონზე ეს არ იქნებოდა რიგითი სხდომა და ამ სიტყვების შემდეგ დაარტყა ხელი მოსამართლე ცეკვავას კომპიუტერს.
სწორედ ისაკო დევიძის დამ გაავრცელა ინფორმაცია 2026 წლის იანვარში, რომ ჯერ კიდევ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
