ახალი ამბები

უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი იგივე დარჩა – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

30 ივლისი, 2020 • 1258
უზენაესის მოსამართლეთა არჩევის წესი იგივე დარჩა – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი არ შეიცვლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დღეს, 30 ივლისს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ „არ დაკმაყოფილდეს 1559-ე და 1491-ე  კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება  და მისი გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის შებოჭილი კანდიდატის შეფასების ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის პროცედურა ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მოთხოვნებს“, – წერდა სახალხო დამცველი სარჩელის დასაბუთებაში, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ლომთაძე განმარტავს: „არსებულ კონსტიტუციურ სამართლებრივ მოდელში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის დამოუკიდებელი ორგანო. კანონმდებლობა, მათ შორის კონსტიტუცია, ითვალისწინებს მისი დამოუკიდებლობის გარანტიებს და ის ერთიანი პროცესი, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად – თითოეულ ეტაპზე ინდივიდუალურად, კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების შეფასება – იძლევა იმის საშუალებას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

არსებული საკანონმდებლო წესით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევებში არ ექვემდებარება დასაბუთებას, არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, რადგან ერთიანად აღებული ეს პროცედურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ემსახურება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევას და, საერთო ჯამში, იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს ყველაზე კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობებზე ასარჩევად“.

ლომთაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელში ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა ფარულია, „ეს გარემოება ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირების დამოუკიდებლობის გარანტია და არ მოხდეს გარე ზეგავლენების გავრცელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე“.

სასამართლოს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გადახედვას და გასაჩივრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი