ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საერთოდ არ მოიწვიონ.

დღეს, 13 ივლისს კობახიძემ ბრიფინგი გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებული კრიტიკული რეზოლუციის გასაკრიტიკებლად. მან კვლავ გაიმეორა “ოცნების” კონსპირაციული თეორია “დიპ სტეიტის” შესახებ, რომელიც თითქოს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას ებრძვის და ზემოხსენებული რეზოლუციაც მას დაუკავშირა.

“არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და „დიპ სტეიტის“ მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა”, – განაცხადა კობახიძემ.

ეუთოს კრიტიკის ფონზე მას დაუსვეს კითხვა, 2028 წელს მოიწვევს თუ არა ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საპარლამენტო არჩევნებზე. როგორც ცნობილია ეუთო/ოდირი მთავარი სადამკვირვებლო მისიაა წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

“დღეს ამაზე ვერაფერს გეტყვით. არჩევნებამდე შორია. არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს და გადაწყვეტილება საარჩევნო მისიების მოწვევის თაობაზე მიიღება ხოლმე საარჩევნო წლის დასაწყისში. აქედან გამომდინარე ყველას გირჩევთ დაველოდოთ 2028 წელს”, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვას, ანუ “ოცნება” არ გამორიცხავს, რომ საერთოდ არ მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია? კობახიძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება “ასეთიც შეიძლება იყოს და ისეთიც” და დაამატა, რომ ვინაიდან გადაწყვეტილებას არა დღეს, არამედ 2028-ში მიიღებენ, “ბუნებრივია ვერაფერს გამოვრიცხავთ”.

მას ასევე ჰკითხეს კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ როგორ აპირებენ ურთიერთობის გაგრძელებას ეუთოსთან?

“ეუთოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია ვერ დააკვირდა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. “ოცნება” მათ ჯერ საერთოდ არ იწვევდა საქართველოში, ხოლო ბოლოს კრიტიკის ფონზე ისინი დასაკვირვებლად არჩევნებამდე 4 კვირით ადრე მოიწვია.  ეუთო/ოდირი აცხადებდა, რომ იდეალურ შემთხვევაში მოწვევა 4-6 თვით ადრე უნდა მიეღოთ. ეუთო/ოდირმა განაცხადა, რომ ასეთ მცირე დროში მისიის მომზადებას ვერ ასწრებდნენ და არჩევნებზე დასაკვირვებლად არ ჩამოვიდნენ.