ახალი ამბები

ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები

12 დეკემბერი, 2019 • 3964
ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები

საქართველოს პარლამენტმა დღეს, 12 დეკემბერს, უზენაეს სასამართლოში უვადოდ 14 მოსამართლე დაამტკიცა. 5-მა კანდიდატმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ერთმა კი კანდიდატურა მოხსნა. მოსამართლეთა არჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

„ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა სიის ჩაგდებისკენ მოუწოდებდნენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ეს 14 პირი არის ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრი, რომელბსაც ლობირებას ხელისუფლება უწევს.

„ნეტგაზეთი“ მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე ორგანიზაციების მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ამ მოსამართლეების შესახებ.

მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი 2019 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. 2017 წელს ამავე სასამართლოს უვადო მოსამართლედ იყო განწესებული.

გახმაურებულ საქმეებს შორის, რომელსაც გაბინაშვილი განიხილავდა, ერთ-ერთი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა. კერძოდ, გაბინაშვილმა მელიას სარჩელი სააპელაციო წესით განიხილა და არ დააკმაყოფილა.

მირანდა ერემაძე

მირანდა ერემაძე 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლის პოზიციას იკავებდა.

გახმაურებულ საქმეებს შორის, რომელსაც ერემაძე განიხილავდა, სამოქალაქო აქტივისტ დაჩი ცაგურიას საქმე იყო. ცაგურია 2009 წელს მონაწილეობდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში. დადგენილების თანახმად, მან გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა, ხოლო შემდეგ – არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და უცენზურო სიტყვები გამოიყენა მათი მისამართით.

კოალიცია “დამოუკიდებელი მართლმსახუჯებისთვის” აცხადებს, რომ მოსამართლემ დაჩი ცაგურია სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

კოალიციაში ამბობენ, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პირი გასამართლდა, საბჭოთა პერიოდშია მიღებული, სამართალწარმოების პროცესში ვერ უზრუნველყოფს სამართალდამრღვევად მიჩნეული პირის სათანადო საპროცესო გარანტიებით დაცვას, არ ითვალისწინებს უდანაშაულობის პრეზუმფციას და სხვა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს კანონი იმაზე ნაკლები დაცვის სტანდარტს სთავაზობს სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს, ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობა – ბრალდებულებს. კოალიციის განცხადებით, ამ მოცემულობაში განსაკუთრებით დიდია მოსამართლის როლი, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და დასაბუთებული.

მამუკა ვასაძე

მამუკა ვასაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო, 2018 წლის ივნის-ივლისში მამუკა ვასაძე ასრულებდა გენერალური პროკურორის მოვალეობას.

როგორც კოალიცია “დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზე მუშაობისას არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო.

კოალიციის თქმით, ბევრ საქმეში დაზარალებულებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები, მათ შორის:

ხორავას ქუჩის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეები. ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების საქმე.

მაია ვაჩაძე

ვაჩაძე 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. გახმაურებულ საქმეებს შორის, რომლებიც მაია ვაჩაძემ განიხილა,  ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საქმეა.

კოალიცია “დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მაია ვაჩაძის შემადგენლობით, განიხილა ბოლო დროის ერთ- ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წილების საკუთრებას.

კოალიციის განცხადებით, ამ საქმეზე დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, რამაც არსებითი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე, იძულება არასწორად ჩაითვალა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად და ა.შ.

ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების ასეთი ბუნდოვანი მითითება, გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი სისწორის კუთხით, კითხვის ნიშნებს აჩენს და ქმნის გაურკვევლობას, თუ რომელი ნორმა უნდა გამოიყენონ სასამართლოებმა მსგავსი ტიპის დავის გადაწყვეტისას მომავალში.

თამარ ზამბახიძე

თამარ ზამბახიძე  2017 წლის 11 მაისიდან 3 წლის ვადით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

გახმაურებულ საქმეებს შორის, რომლებსაც თამარ ზამბახიძე განიხილავდა,  “ღვინის ქარხნის საქმეა”.

შალვა თადუმაძე

2018 წლის ივლისიდან შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო.

კოალიცია “დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” აცხადებს, რომ შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორის პოზიციაზე არჩევამდე და არჩევის შემდეგ არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც სავარაუდო დანაშაულის შინაარსის, ასევე მათი გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო.

ამ საქმეებს შორისაა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეები. ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელებისა და სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეები (ბირჟა-მაფიის საქმე, კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები, ზვიად რატიანის საქმე და სხვა).

ვლადიმერ კაკაბაძე

2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახორციელებს.

კანდიდატს განხილული აქვს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელსაც საზოგადოება “ფილიპ მორისის” საქმედ იცნობს.

მოსარჩელემ, სს “თბილისის თამბაქომ” თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს “ფილიპ მორის საქართველოსა” და სს “ფილიპ მორის ეს.ეის” წინააღმდეგ.

მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეების მიერ დემპინგით მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა 2013-2015 წლებში მოპასუხეთა მხრიდან “უკანონო” მოქმედებებით (დემპინგით) კონკურენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ხოლო ყველა სხვა მოთხოვნა უკავშირდებოდა და გამომდინარეობდა ამ ძირითადი მოთხოვნიდან.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შპს “ფილიპ მორის საქართველო” და სს “ფილიპ მორის ეს.ეი” წლების განმავლობაში არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კანონი “თამბაქოს კონტროლის შესახებ”, საქართველოს  კანონი “კონკურენციის შესახებ”), სიგარეტს ყიდდნენ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, რაც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა დემპინგს და რითაც მოსარჩელეს მიაყენეს ზიანი – ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მათი გაყიდვები, შემოსავლები და წილი ბაზარზე.

ლევან მიქაბერიძე

ლევან მიქაბერიძე მოსამართლედ 2006 წლიდან მუშაობს, 2019 წლიდან კი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იყო დასაქმებული. მისი საქმეებიდან გამოარჩევენ “თბილავიამშენის” სადავო საქმეს.

ეს საქმე ეხება 2010 წლის ფაქტს, როდესაც „თბილავიამშენის“ მეწილეებმა კომპანიის 100% სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმეს. ისინი ახლა აცხადებენ, რომ წილების დათმობა მათ სახელმწიფომ აიძულა. საქმეში მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაიაც ფიგურირებს — მოწმეთა თანახმად, ახალაია კომპანიის ერთ-ერთ მეწილეს შეხვდა, რის შემდეგაც წავიდნენ ეკონომიკის სამინისტროში [სადაც მოხდა ჩუქების გაფორმება]. მეწილეები და აქციონერები სასამართლოში ცდილობდნენ ჩუქების დოკუმენტის ბათილად ცნობას.

2017 წელს “თბილავიამშენის” სადავო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, ლევან მიქაბერიძის თავმჯდომარეობით, მიიღო გადაწყვეტილება და სარჩელი არ დააკმაყოფილა.

“ღია საზოგადოების ფონდის” თანახმად, მოსამართლემ “არ მიაქცია ყურადღება და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არაერთ კითხვას აჩენდა გარიგების ნამდვილობაზე”. საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და მდივანია, პარალელურად კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა.

მართლმსაჯულების სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მას ასახელებენ, როგორც სასამართლოში არსებული კლანის ერთ-ერთ ლიდერს. ის კლანის არსებობას უარყოფს.

მის მიერ განხილული საქმეებიდან გახმაურებულია „უკანონო შემოწირულობების საქმე“, — 2012 წელს კონტროლის პალატამ [აუდიტის მაშინდელმა სამსახურმა] სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, დაეჯარიმებინა „ქართული ოცნების“ 17 შემწირველი „უკანონო შემოწირულობის გამო“. ისინი, ჯამში, 1.2 მილიონი ლარით დააჯარიმეს.

„ღია საზოგადოების ფონდის“ თანახმად, დავაში ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო 2 სამართლებრივი საკითხის სწორად გადაწყვეტა: „კანონის კონსტიტუციურობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი, რასაც სამართლის არაერთი ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და სადავო ქმედების კვალიფიკაციას ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ ქმედებად (შესაბამისად, მტკიცების ტვირთის საკითხიდ გადაწყვეტა)“.

საქმის დეტალები, ფონდის თანახმადვე, ასეთია: „სადავო ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით დაცვის მხარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ უკანონო შემოწირულობის განხორციელება უნდა განხილულიყო არა როგორც ადმინისტრაციული, არამედ როგორც სისხლისსამართლებრივი ხასიათის ქმედება. შესაბამისად, მოქალაქეებს კი არ უნდა დაკისრებოდათ მტკიცების ტვირთი, რომ მათ ნამდვილად გააჩნდათ შესაბამისი თანხები და განახორციელებდნენ შემოწირულობებს, არამედ სახელმწიფო ორგანოებს უნდა ემტკიცებინათ, რომ მათ ეს თანხები ვერ ექნებოდათ საკუთრებაში“.

თუმცა, გადაწყვეტილებაში საერთოდ ვერ ვხვდებით მსჯელობას ამ საკითხზე. მეტიც, საქმის მასალების გაცნობის გარეშე, დაინტერესებული მკითხველი გადაწყვეტილებიდან საერთოდ ვერ გაიგებს, რომ დაცვის მხარე ამ საკითხზე დავობდა.

მოსამართლეს არ გამოუყენებია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, კანონის კონსტიტუციურობის შესაფასებლად შუამდგომლობით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ გვხვდება.

მოსამართლემ მხოლოდ ერთი დღე მისცა პირებს სასამართლო განხილვისთვის მტკიცებულებების შესაგროვებლად და შესაბამისი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად. სასამართლო სხდომა რამდენიმე საათი უწყვეტად მიმდინარეობდა, ხოლო სხდომის გადადების და შესვენების გამოცხადების
შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა“, – წერია ღია საზოგადოების ფონდის მომზადებულ ანგარიშში.


მიქაუტაძეს ედავობდნენ არასრულწლოვნის ცემას — ფონდის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს გონიოს სანაპიროზე მოხდა ინციდენტი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძესა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შორის, რომლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც მოსამართლე მიქაუტაძემ განიხილა ინციდენტამდე 1 წლით ადრე. ხაჭაპურიძის განცხადებით, მის 13 წლის შვილს მოსამართლემ სცემა. გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო. გამომძიებლის განცხადებით, მოზარდის ცემის ფაქტზე მიქაუტაძე დაკითხეს, თუმცა საქმე არ გამოძიებულა, ხოლო დღეის მდგომარეობით, გამოძიება ხანდაზმულია.

ნუგზარ სხირტლაძე

ნუგზარ სხდირტალძე 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე სააპელაციო და საოლქო სასამართლოებში იყო მოსამართლე, მანამდე კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ცნობით, ის განიხილავდა გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხს, რაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში და ა.შ) სქესის ჩანაწერის ცვლილებას ეხებოდა.

კერძოდ, ტრანსგენდერი ადამიანი სასამართლოში ითხოვდა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილობას, რომლითაც უარი ეთქვა სააქტო ჩანაწერში სქესის ცვლილებაზე იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა ჩატარებული „სქესის შეცვლის“ ოპერაცია. იგი ასევე ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ახალი აქტის გამოცემას, სადაც მისი სქესის ჩანაწერი აისახებოდა.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომელსაც მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე თავმჯდომარეობდა, ტრანსგენდერი პირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ მიიღო არსებითად განსახილველად.

ლალი ფაფიაშვილი

1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში – პარლამენტის წევრი. 2007-2017 წლებში ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, 2016-2017 წლებში კი, ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან დღემდე კანდიდატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ფაფიაშვილი ფიგურირებს გიგი უგულავას და ე.წ „კაბელების საქმეში“ (ანუ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში).

გაიგეთ ამაზე მეტი:

ფონდის თანახმად:

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 2016 წლის 15 ივნისის საოქმო ჩანაწერით, წარმოებაში მიიღო რუსთავი 2-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმეზე მსჯავრდებულთა კონსტიტუციური სარჩელები.7 გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების საქმეზე დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება და გაფლანგვა) კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის იმ დროს მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, განუჭვრეტადი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს. აღნიშნულ ორ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა მნიშვნელოვანია კანდიდატ ლალი ფაფიაშვილის პოზიცია აღნიშნულ საქმეთა განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

კანდიდატმა 2016 წლის 30 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. კანდიდატი შუამდგომლობაში უთითებდა: „ხსენებულ საქმეთა განხილვის პროცესში მოსარჩელე მხარემ დაუსაბუთებლად, თუმცა არაერთხელ განაცხადა მოსამართლეთა ნაწილის, მათ შორის, მისი [ლალი ფაფიაშვილის] მიკერძოებულობის შესახებ“.

ლალი ფაფიაშვილის მოსაზრებით, „მოსარჩელეთა განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, რის ნათელ გამოხატულებასაც წარმოადგენს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში 2016 წლის 28 აგვისტოს გასული სიუჟეტი. მოსამართლის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არასდროს გამოუყენებიათ და სიუჟეტში მითითებულ საქმეზე გამოძიება სწორედ ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა და დასრულდა 2016 წლის იანვარში (მაშინ, როდესაც ამ სარჩელების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებულიც კი არ იყო), სიუჟეტი წარიმართა იმგვარად, რომ მაყურებელს იქ მოყვანილი გარემოებები მასზე (იგულისხმება მოსამართლე ფაფიაშვილი) სავარაუდო ზეწოლის საშუალებად აღექვა.

კანდიდატი მიიჩნევდა, რომ ასეთ პირობებში ლოგიკური იქნებოდა მოსარჩელეთა მიერ მოსამართლის აცილების საკითხის დაყენება, თუმცა ის ფაქტი, რომ ამგვარი შუამდგომლობა მათ არ დაუყენებიათ, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ისინი მოსარჩელე მხარის ცალკეული წარმომადგენლების პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცდილობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის თემით მანიპულირებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კანდიდატ ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობა თვითგანრიდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ქეთევენ ცინცაძე

ქეთევან ცინცაძე, რომელიც ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელ ინსპექტორადაა არჩეული 5 წლის ვადით, 2009-2011 წლებში  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტად მუშაობდა, 2011-2017 წლებში კი იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.

ღია საზოგადოების ფონდის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობისას ქეთევან ცინცაძე იყო სხვადასხვა მოსამართლის თანაშემწე, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძის, რომელსაც არასამთავრობოები ზემოთ აღნიშნული კლანის ლიდერად ასახელებენ.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ უარყოფითად აფასებდა დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესს და აცხადებდა, რომ ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულად დახურვა აჩენდა ეჭვებს კონკურსის შედეგით საბჭოს არაჯანსაღი დაინტერესების თაობაზე და ამცირებდა შერჩეული კანდიდატის მიერ საზოგადოების ნდობის მოპოვების პერსპექტივას.

სხვა დეტალები:

ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძე 2011-2012 წლებში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მრჩევლად, შემდეგ, 2014 წლამდე, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო, 2014-2015 წლებში კი, ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2015-2017 წლებში კანდიდატი მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსად, ხოლო შემდეგ – საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. 2017 წლიდან დღემდე იურიდიული კომპანია „CCL Law Firm“-ის მმართველი პარტნიორია.

ნინო ქადაგიძე

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი