ახალი ამბები

“ლელოს” აქტივისტის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

5 სექტემბერი, 2020 • 1201
“ლელოს” აქტივისტის ცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს 1988 წელს დაბადებული გ.დ, რომელსაც ბრალად ედება პოლიტიკური პარტია “ლელოს” აქტივისტის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 2020 წლის 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით”, – ნათქვამია შსს-ს 5 სექტემბრის განცხადებაში.

“ლელოს” დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ 4 სექტემბერს თქვა, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრს თავს დაესხნენ და სცემეს. დაშავებული გიორგი გლუჩიძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც გლუჩიძემ ტვ “პირველს” უთხრა, თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლია: “[მითხრეს] რას დაჰყვები ამ ხაზარაძეს და სამუშიასო. რა გაგიკეთა ამისთანა, რომ ყველა ხაზარაძეს ემხრობაო”.

გლუჩიძის თქმით, თავდამსხმელები მას ამ შელაპარაკების შემდეგ გაუსწორდნენ ფიზიკურად.

მასალების გადაბეჭდვის წესი