ახალი ამბები

კერძო ბაღები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ

1 სექტემბერი, 2020 • 1666
კერძო ბაღები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ

კერძო ბაღების წარმომადგენლებმა და მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, პირველ სექტემბერს, აქცია გამართეს, სადაც სააღმზრდელო პროცესის განახლების უფლება მოითხოვეს.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ისინი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემუავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ და მზად არიან შემოწმების პროცესის გასავლელად.

აქციის მონაწილე კერძო ბაღების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კიდევ ერთი თვით გაჩერება ფინანსურ პრობლემებს უქმნით, ვერ იხდიან იჯარას და ვერ ემსახურებიან საბანკო ვალდებულებებს.

კერძო ბაღის, “ფერიების” დორექტორი ია მიქაუტაძე ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო თანამშრომელმა სამსახურიც კი დატოვა. მისივე თქმით, ბაღების ოქტომბრამდე გადავადება მშობლებისთვისაც პრობლემურია, რადგან ბევრ მათგანს ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს:

“შეწუხებულები მირეკავენ მშობლები და არ იციან, ბავშვები სად დატოვონ. ამიტომ, იქნებ გაითვალისწინოს მთავრობამ ჩვენი მოთხოვნები. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციები დაგვიანებით გამოაქვეყნეს, მაინც ვაკმაყოფილებთ. იქ ისეთი მოთხოვნები არ არის, რომ ერთი კვირის განმავლობაში მისი შესრულება ვერ მოესწროს. ერთი თანამშრომელი უკვე წავიდა, რადგან აღარ იცოდა, როდის დაიწყებოდა ბაღი. მშობლები მირეკავენ. სულ აინტერესებთ, როდის დაიწყება ბაღი.”

“ვუნდერლანდის” დირექტორი დარეჯან ეზუგბაიაც ნეტგაზეთთან ფინანსურ სირთულეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ სექტემბრიდან მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ, კერძო ბაღების ნაწილის დახურვის საფრთხე არსებობს. ეზუგბაიაც ამბობს, რომ მშობლები მთელი ზაფხულის განმავლობაში უკავშირდებოდნენ და დღემდე ბაღების გახსნას ელოდებიან.

“ექვსი თვეა ვემორჩილებით კანონს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. ყველა ელოდებოდა – მშობლები, თანამშრომლები, მეიჯარეები. ჩვენი არსებობა დამოკიდებულია მუშაობაზე, რადგან დაფინანსების სხვა წყარო არ გაგვაჩნია. ეს დრო ამოიწურა. დღეს პირველი სექტემბერია, იმედს ვიტოვებთ, რომ თხოვნა გათვალისწინებული იქნება და მუშაობის დაწყების უფლებას მოგვცემენ. ბაღების გახსნის საკითხს მხოლოდ ბიზნესის კუთხით არ განვიხილავ, აქ ბავშვების საკითხია პრობლემური, უჭირთ მშობლებსაც და ბავშვებსაც. ბაღში არსებული სააღმზრდელო გარემო ბავშვისთვის საჭიროა”, – ამბობს დარეჯან ეზუგბაია.

კერძო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი ნათია გურგენიძე აცხადებს, რომ კერძო ბაღები მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძისგან აქვთ დაპირება, რომ მათ საკითხს ხვალ, 2 სექტემბერს დაგეგმილ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ განიხილავენ.

“როდესაც კერძო ბაღები ამ პრობლემის წინაშე დავდექით, შევქმენით გაერთიანება და ამ ეტაპზე გაერთიანებაში დაახლოებით 200 კერძო ბაღია გაერთიანებული. როგორც მცირე ბიზნესი, შეიძლება დავიღუპოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ ოქტომბერს უბრალოდ ვეღარ გავიხსნათ. თუმცა მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების საკითხია, რომლებიც ექვსი თვე სახლში იყვნენ გამოკეტილნი. მათთვის თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ბაღების გახსნა მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, ვისაც ძიძის აყვანის შესაძლებლობა არ აქვთ და რომც აიყვანონ, ძიძა ბაღის ფუნქციას ვერ ასრულებს. შესაბამისად, მშობლები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან”, – ამბობს ნათია გურგენიძე.

როგორც კერძო ბაღ “ვალდორფის” აღმზრდელი ქეთი ჯახაძე აცხადებს, იმის გამო, რომ უკვე ექვსი თვეა არ მუშაობენ, იჯარის თანხას ვეღარ იხდიან. მისივე მტკიცებით, კერძო ბაღი არსებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და მზად არიან შრომის ინსპექციამ ხვალვე შეამოწმოს.

კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მშობლებიც იყვნენ. როგორც “ვალდორფის” ბაღის აღსაზრდელის დედამ, რუსკა ჩაკვეტაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რადგან მისი ქმარი და თავადაც მუშაობენ, ხუთი წლის ბავშვს ვერსად ტოვებენ:

“ბავშვებს ამ ასაკში სჭირდებათ ის სოციუმი, რაც ბაღებშია შექმნილი. თან, მეც და ჩემი მეუღლეც ვმუშაობთ, დედაჩემს ვუტოვებ ხოლმე, თუმცა, რადგან ჩემს დასაც ჰყავს ბაღის ასაკის ბავშვი, იქ დატოვება შეუძლებელია. ამის გამო პირადადად მე [სამსახურში] არაპროდუქტიული ვარ… სამსახურში ვაგვიანებ.. მოკლედ, ძალიან რთულია.”


26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საბავშვო ბაღები პირველი ოქტომრბიდან გაიხსნება. მანამდე, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაღების გახსნა 14 სექტემბრიდან იგეგმებოდა. თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ იყო. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციებისა და წესების ნუსხა, რომლებიც როგორც კერძო, ასევე საჯარო ბაღებმა უნდა დაიცვან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდულობის დაცვა შეზღუდვების მოსხნას შორის, რადგან სკოლების გახსნა რისკის შემცველია, საჭიროა გარკვეული პერიოდის დაცვა ბაღების გახსნისთვის. გაბუნიას განმარტებით, სწორედ ამიტომ გადაწვიტა მთავრობამ, ორი კვირის შემდგომ გაეხსნა საბავშვო ბაღები:

“ეს ეტაპობრიობის თემაა და ამდენად, ეს გადაწყვეტილება ემყარებოდა სტანდარტულ ორკვირიან ინტერვალებს გახსნებს შორის. როდესაც ჩვენ სკოლებს გავხნით 15 სექტემბერს (რაც სერიოზული გამოწვევაა), უნდა ვეცადოთ, რომ სკოლებში ეპიდემიური სიტუაცია ვაკონტროლოთ. ამასთან, კიდევ ერთი დიდი ჯგუფის, საბავშვო ბაღების გახსნა სარისკოა. ამდენად, აჯობებს, რომ ზომიერი გახსნის სტრატეგია გამოვიყენოთ.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი