ახალი ამბები

ბაგა-ბაღები თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ — კალაძე

16 მარტი, 2022 • 1421
ბაგა-ბაღები თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქე ბავშვებს მიიღებენ — კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, შემდეგი კვირიდან ბაგა-ბაღები თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები მთლიანად უზრუნველყოფილი არიან საცხოვრისითა და საკვები პროდუქტებით, განთავსებული არიან სხვადასხვა სასტუმროში. ამ ყველაფერში ჩართულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ავამოქმედეთ მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამა. ეს არის უფასო მგზავრობა მუნიციპალურ ტრანსპორტში.

საჭიროა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტის ჩვენება. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის, საცურაო აუზების, ხელოვნების სკოლებისა და მუზეუმების უფასო წვდომის პროგრამები დედაქალაქში. კიდევ ერთი სიახლე — საკრებულოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ ჩარჩენილი უკრაინელი ოჯახების პატარები ჩვეულებრივად შეძლებენ ბაგა-ბაღების მომსახურებით სარგებლობას ყოველგვარი გადასახადების გარეშე“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული საკითხის კოორდინაცია თავის მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა.

„უნდა გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია ამ ოჯახებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი. ჩვენ ამ ოჯახებს გვერდით დავუდგებით, სანამ ამის საჭიროება იქნება და მშვიდობა არ დაისადგურებს უკრაინაში“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ შემომწირველების მხრიდან ანგარიშზე უკვე მილიონ 117 000 ლარზე მეტია ჩარიცხული.

მასალების გადაბეჭდვის წესი