ახალი ამბები

რა წესებს მოიცავს წინასაარჩევნო კამპანია

31 აგვისტო, 2020 • 1011
რა წესებს მოიცავს წინასაარჩევნო კამპანია

საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

დღეიდან, პირველი სექტემბრიდან კი წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება. საარჩევნო კამპანიის პერიოდში გარკვეული უფლებები და ვალდებულებები აქვთ როგორც  პოლიტიკური პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს, ისე მედიას.

აგიტაციის პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს  უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა. პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე, საგზაო ნიშნებზე განთავსება. ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს საარჩევნო კომისიის წევრს, მოსამართლეს, პროკურატურის, შს და თავდაცვის სამინისტროების, სუს-ის, დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს  და ორგანიზაციას, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს, საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში, ან როდესაც უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და სემეკ-ის წევრებს, სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს სამუშაო საათების განმავლობაში.

წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება აკრძალულია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სასამართლოებსა და სამხედრო ნაწილებში. ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა ადმინისტრაციული  რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.

მუნიციპალიტეტის ორგანოები კანონით ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში,  უზრუნველყონ  ამ ღონისძიებების უსაფრთხოება. მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული გარკვეული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია ამომრჩევლის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საბიუჯეტო თანხები, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.

რაც შეეხება მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულირებებს, მაუწყებლები ვალდებული არიან, გამოყონ დრო უფასო წინასაარჩევნო რეკლამისთვის. კენჭისყრამდე 2 დღით ადრე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების დახურვამდე აკრძალულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამ დრომდე 68 პარტიამ მიმართა.

არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა

მასალების გადაბეჭდვის წესი