დღეს პატიმარი გიორგი დავითაძე, რომელმაც საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, ადვოკატმა მოინახულა. სალომე ჯანუაშვილმა მედიასთან თქვა, რომ დავითაძე თავს მხნედ გრძნობს და უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევით სხეულიდან იმ საგნის ამოღებაზე, რომელიც 3 დღის წინ პროტესტის ნიშნად გადაყლაპა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ციხეში ზოგადი სიტუაცია დაძაბულია და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებისგან პროვოკაციებს აქვს ადგილი.

„გიორგი მხნედ გრძნობს თავს. ბრძოლის განწყობაზეა. მხარდაჭერა აქვს პატიმრებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ზოგადი სიტუაცია დაძაბულია, საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების მხრიდან აქვს პროვოკაციებს ადგილი. ამ პროვოკაციაზე პასუხის შემთხვევაში უკვე უსწორდებიან პატიმრებს, როგორ ფიზიკურად, ასევე, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს. რაც თქვენთვისაც უკვე ცნობილია, ეს მომიყვა გიორგიმ…

ის საგანი, რომელიც მან გადაყლაპა, დღეის მდგომარეობით ორგანიზმში აქვს და ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებს ამ საგნის სამედიცინო მანიპულაციით ამოღებას, რადგან აპროტესტებს ადმინისტრაციის მინიმუმ ისვე თანამდებობაზე ყოფნას, ციხის დირექტორის და ადმინისტრაციის, და მაქსიმუმ იმას, რომ ის თანამშრომლები და ის ადამიანები, რომლებმაც მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა განახორციელეს, დღესაც თანამდებობაზე რჩებიან და დღესაც არიან დაუსჯელები“, – განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.


პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

4 ოქტომბერს პენიტენციურმა განაცხადა, რომ გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მან ეს გააკეთა ციხის თანამშრომლის თვალწინ, „დემონსტრაციულად“.