ახალი ამბები

“ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას” – თურნავა

31 აგვისტო, 2020 • 1030
“ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას” – თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, ივლისში მშპ-ის მხოლოდ 5,5%-ით შემცირება ადასტურებს, რომ ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.

“დღეს გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას. სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, ივლისში, მართალია, ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა (წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური), მაგრამ ეს არის -5,5%, რაც დაახლოებით სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილის მაჩვენებელი. სამჯერ გაუმჯობესდა და გაჯანსაღდა ჩვენი ეკონომიკა, რაც გვაძლევს იმედს, რომ გაისად პოზიტიური დინამიკა გვექნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკური ზრდის დიაგრამა, იანვარ-ივლისი, 2020 წელი. საქსტატი

თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა არ აპირებს პროგნოზის შეცვლას, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.

“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევანელებთ ვარდნის მაჩვენებელს, თუმცა ცალსახაა, რომ წლევანდელი წელი დასრულდება მინუსით. ჩვენ ვერ ვიქნებით გლობალური ეკონომიკის კონტექსტიდან დიდად განსხვავებული ქვეყანა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვარდნის ტემპი იყოს შემცირებული. ჩვენს შეფასებაში გვირჩევნია, რომ დავრჩეთ კონსერვატიულები, მზად ვიყოთ უარესისთვის, მაგრამ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად გაჯანსაღდეს ეკონომიკა, ვიდრე ვვარაუდობდით”, – აღნიშნა თურნავამ.


საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია.

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა – საქსტატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი