მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცი დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, ცხინვალში საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო, რასაც დე ფაქტო პრემიერის გადადგომა მოჰყვა. „ნეტგაზეთის“ მოკლე მიმოხილვაში წაიკითხავთ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას:
28 აგვისტოს დღის საათებში ფეისბუკზე სწრაფად გავრცელდა, სავარაუდოდ, ცემით მოკლული კაცის, ინალ ჯაბიევის ფოტოები.
ხალხი წერდა, რომ ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის მანქანის დაცხრილვაში ეჭვმიტანილი ინალ ჯაბიევი, სავარაუდოდ, დაკითხვის დროს შემოაკვდათ.
მისი გარდაცვალება ანატოლი ბიბილოვის დე ფაქტო საპრეზიდენტო ადმინისტრაციამ დაადასტურა, დე ფაქტო შს მინისტრს დროებით შეუწყვიტა უფლებამოსილება და განაცხადა, რომ რომ მოქალაქე ჯაბიევის გარდაცვალების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და „ყველა დამნაშავე დაისჯება“.
ბრალდება
28 წლის ინალ ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მანქანის დაცხრილვაში.
ინციდენტი 8 ივნისს მოხდა — ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ნანიევის ავტომობილს უცნობმა პირებმა მიტოვებული შენობიდან ესროლეს, თუმცა არავინ დაშავებულა.
დე ფაქტო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ჯაბიევი გასულ კვირას დააკავეს. მისი სასამართლო არ გამართულა.
დემონსტრაცია
ჯაბიევის გარდაცვალების დადასტურების შემდეგ, საღამოს საათებში ცხინვალის ქუჩებში დემონსტრანტები გამოვიდნენ და სასტიკი მოპყრობა გააპროტესტეს. დემონსტრაციები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
დემონსტრანტები ითხოვდნენ მთავრობის, პრეზიდენტისა და მთავარი პროკურორის გადადგომას, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის დაპატიმრებას. სპონტანურ დემონსტრაციაზე, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტების ცნობით, ასობით ადამიანი იყო.
დემონსტრაციაზე მომიტინგეებთან თავად დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას ჩამოაშორა და რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, და რომ დამნაშავეები დაისჯებოდნენ. თუმცა დემონსტრანტებმა ის უკან გააბრუნეს და დიალოგი არ შედგა.
„ეხო კავკაზა“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბიბილოვმა დაითხოვა დე ფაქტო მთავრობა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლირებულმა მედიამ თავდაპირველად მხოლოდ დე ფაქტო პრემიერის, ერიკ პუხაევის გადადგომა დაადასტურა. მოგვიანებით ალან თადტაევმა, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა, დაადასტურა, რომ 28 აგვისტოს ბიბილოვმა მთავრობა სრულად დაითხოვა.
როგორც რეპორტიორები იუწყებიან, დემონსტრანტებმა გაიხსენეს, რომ სწორედ ბიბილოვი იყო ის, ვინც გასულ შემოდგომაზე, ოპოზიციის მოთხოვნის ფონზე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები გადამდგარიყვნენ, დაიცვა ისინი. დე ფაქტო მინისტრების გადადგომის მოთხოვნა ცხინვალის ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდებოდა.
ცხინვალის ციხეები
2019 წლის შემოდგომაზე ცხინვალში საპატიმროების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო. 3 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ გვიან ღამით, ცხინვალის ციხეში ომონი შევარდა და მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდა; ამავე ცნობებით, შეიარაღებულმა პირებმა მოშიმშილე პატიმრებს ძალით აჭამეს. შემდეგ კი რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა.
ამას წინ უძღოდა ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების მიერ შიმშილობის გამოცხადება „შიმშილით წამების“ გამო. ისინი აპროტესტებენ იმასაც, რომ დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციით, პატიმრების ახლობლებს მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლოთ საკვების შეგზავნა.
[ვრცლად ამ თემაზე გირჩევთ: „სისტემა უნდა დაინგრეს“ – რა ხდება ცხინვალის ციხეში]
სწორედ ცხინვალის იზოლატორში მოკლეს 2018 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, რასაც თბილისში პროტესტი მოჰყვა. მისი ცხედარი ცხინვალმა თბილისს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ გადმოსცა.
რა ხდება ახლა?
მომიტინგეებმა ბიბილოვი გააცილეს შეძახილებით: „გადადექი!“ მოგვიანებით დე ფაქტო მთავრობამ ძალის მობილიზება მოახდინა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. რუსეთის ხელისუფლების კუთვნილმა „სპუტნიკმა“ დღეს დილას დაწერა, რომ „ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა“.
დე ფაქტო მთავრობის მედიასაშუალება „რესმა“ 29 აგვისტოს დილას დაწერა, — შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ პუხაევი აცხადებს, რომ სამინისტრო მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა, რათა „უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება“. მათი ცნობითვე, დემონსტრაცია დილის 5 საათისთვის სრულად დაიშალა.
„რესის“ ცნობით, დღეს, 13:00 საათზე, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტის საგანგებო სესიაზე, სადაც ოპოზიცია, სავარაუდოდ, კვლავ მოითხოვს მთავარი პროკურორის გადადგომას.
სამხრეთ ოსეთის რეჟიმის შესახებ
როგორც კავკასიის კონფლიქტური რეგიონების ექსპერტი, ვარვარა პახომენკო წერს, იზოლატორში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებამ სხვა სოციალური პრობლემების ფონზე, — კოვიდპანდემიის პირობებში რუსეთის საზღვრის ჩაკეტვამ, პენსიონერების გაუსაძლისმა პირობებმა, მაღაზიებში საკვების ნაკლებობამ, — მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ უბიძგა.
მისი თქმით, ბოლო მასობრივი პროტესტი სამხრეთ ოსეთში 9 წლის წინ ახსოვს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ანატოლი ბიბილოვი ალა ჯიოევასთან დამარცხდა, თუმცა შედეგები ბათილად ცნეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის პუბლიკაციის, „თავისუფლება მსოფლიოში 2020“, თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.
[მართალია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმოხილვები ცალკეა გამოყოფილი, თუმცა მითითებულია, რომ საუბარია „ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“].
ჩვეულებრივ, „ფრიდომ ჰაუსი“ ტერიტორიებზე თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ და „არათავისუფალი“. სამხრეთ ოსეთი კვლავ „არათავისუფლად“ არის მოხსენიებული.
ანგარიშის წლევანდელი მეთოდოლოგიის თანახმად, ორგანიზაცია ორი კატეგორიით აფასებს თავისუფლების დონეს — პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს — 60.
პოლიტიკურ უფლებებში სამხრეთ ოსეთს 2/40 ქულა უწერია, სამოქალაქო უფლებების ნაწილში — 8/60.
2008 წლიდან საქართველო და გაეროს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ ოსეთს ოფიციალურად უწდებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად, რომელიც საქართველოს ეკუთვნის.
ცხინვალის რეჟიმი გამუდმებით ზღუდავს მოქალაქეების ბაზისურ უფლებებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებას, რაც ყველაზე მძიმედ გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე აისახება.