ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“სისტემა უნდა დაინგრეს” – რა ხდება ცხინვალის ციხეში

6 ოქტომბერი, 2019 • 3557
“სისტემა უნდა დაინგრეს” – რა ხდება ცხინვალის ციხეში

ავტორი: ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი

[red_box]პატიმრების შიმშილობა[/red_box]

 

ციხის შიდა განაწესის გამკაცრების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად 27 სექტემბერს ცხინვალის ციხის პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხდეს. მსჯავრდებულების განცხადებით, ახალი რეგულაციები მათ ყოფას გაუსაძლისს ხდის.

სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიცაა ციხე, თავიდან მალავდა პატიმრების შიმშილობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა, მას შემდეგ რაც ინფორმაციამ მაინც გამოჟონა, იუსტიციის მინისტრი ზალინა ლალეივა საგანგებო განცხადებით გამოვიდა, სადაც საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაციის დამალვას განმარტავდა.

მისი თქმით, პატიმრებს აქციის ჩატარებაზე მისთვის წერილობით არ მიუმართავთ. შესაბამისად, მთელი ეს სიტუაცია “მხოლოდ რეჟიმის დარღვევად შეიძლება შეფასდეს”.

პატიმრების აქციამ ცხინვალში საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. პირველ ოქტომბერს ციხეში და საგამოძიებო იზოლატორში დეპუტატების ჯგუფი მივიდა. მათ აღიარეს პატიმრების ბევრი მოთხოვნის ლეგიტიმურობა და შეპირდნენ, რომ სიტუაციაში გაერკვევიან. 

ვიცე-სპიკერმა ალექსანდრ პლიევმა მათ გარემო პირობებს “არაადამიანურიც” კი უწოდა.

დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, უკვე 3 ოქტომბერს, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე, ცხინვალის ციხის შენობაში მინისტრი ზალინა ლალიევა განსაკუთრებული დანიშნულებისა და სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფის მილიციის თანხლებით შევიდა.

მისი განკარგულებით სპეცნაზმა კამერებიდან პატიმრები ციხის სასადილოში გამოათრია, რეზინის ხელკეტებით სცემა და საკვების მიღებას აიძულა. ცემის დროს ორმა პატიმარმა სუიციდი სცადა.

ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა ცხინვალში. დილიდან ქალაქი განგაში იყო. იმავე დღეს ინციდენტი პარლამენტში განიხილეს. დეპუტატები გეგმავენ მოითხოვონ გენერალური პროკურატურისგან გამოძიების ჩატარება და იმ ყველა გარემოების დადგენა, რომელიც იმ ღამით ცხინვალის კოლონიაში მოხდა. 

დეპუტატები განსაკუთრებით შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ პატიმრებს მასობრივად, მათი ციხეში ვიზიტის შემდეგ სცემეს.

 

[blue_box]ვინ არის მინისტრი ლალიევა?[/blue_box]

 

ბევრი ადამიანი ვინც მინისტრს პირადად იცნობს, დარწმუნებულია, რომ ეს მისი პირადი ინიციატივა იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის უხეში და ხისტია. მისი სამართლებრივი სამუშაო გამოცდილება კი ძალიან მწირი – ორი წელი იურისტად მუშაობდა ადგილობრივ პარლამენტში. მისი კომპენტეციის ნაკლებობა კი ხისტი გადაწყვეტილებებით კომპენსირდება – ლალიევა ვერ იტანს დაუმორჩილებლობას.

ადგილობრივი ექსპერტები მის კიდევ ერთ თვისებას აღნიშნავენ, რის გამოც პრეზიდენტმა ზალინა ლალიევა მინისტრად დანიშნა – ის მზადაა ნებისმიერი დავალება შეასრულოს და ამასთან, ეთიკური მომენტები არ შეაწუხებს.

სწორედ აქედან დაიწყო განხილვები, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი – დაითხოვს თუ არა მინისტრს საზოგადოების დასამშვიდებლად, თუ როგორც ეს აქამდეც მოხდა, მასთან ერთად გაიზიარებს მომხდარ სამარცხვინო ფაქტს და ერთგულ მინისტრს დაიცავს.

ადგილობრივი უფლებადამცველები, ისინი ვინც პატიმრების უფლებებით არიან დაკავებული, დარწმუნებული არიან, რომ მინისტრის გადადგომა ბევრს არაფერს შეცვლის პატიმრების ცხოვრებაში – “აუცილებელია სისტემის შეცვლა”. 

მათი აზრით, ციხეში მომხდარი ბოლო ფაქტო სახელმწიფოს სერვისის ორგანული ნაწილია მართლწესრიგის დასამყარებლად.

 

[red_box]სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს[/red_box]

 

საბჭოთა დროს სამხრეთ ოსეთში არ არსებობდა გამოსასწორებელი დაწესებულებები. 1992 წლიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყოფილი სამედიცნო გამოსაფხიზლებელი დაწესებულების ციხედ გამოყენება დაიწყო 

იმ დროიდან ეს ერთადერთი ადგილია, სადაც პატიმრები სასჯელს იხდიან დანაშაულის სიმძიმის კატეგორიების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ყველაზე მკაცრ – განსაკუთრებული რეჟიმის პირობებში. 

2017 წლამდე აქ ნახევრადბნელ საკნებში ძველი რკინის ფარდებით, ტურბერკულოზით დაავადებული პატიმრები და ჯანმრთელი პატრიმრები ერთად იყვნენ გამოკეტილი.

ის, რასაც ხელგაშლილად იმეტებს ხელისუფლება ყველა ავადმყოფი პატიმრისთვის ანალგინი და ასპირინია. ასევე ერთი ტიპის საკვები, რომელსაც თავად პატიმრები საკვებს ვერც არქმევენ. მითუმეტეს, ეს საკვებიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი შიმშილით არ მოკვდეს. ამიტომაც, მსჯავრდებულების ახლობლები თავად უზრუნველყოფენ მათ პატიმრებს საკვებით. წლების განმავლობაში პატიმრების დედები და ცოლები ციხეში საკვები პროდუქტს ეზიდებიან.

ცხინვალის ციხის ყოფილი პატიმარი, უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა ამბობს, რომ აღნიშნული დაწესებულება არანაირად არ არის გამოსასწორებელი -” ის ვერ გამოასწორებს, გააგიჟებს, ნახევრად ბნელი და ჩახუთული საკნები ფსიქიკაზე ვერ იმოქმედებს კარგად, შესაბამისად, თვითმკვლელობები ცხინვალის ციხისთვის იშვიათი მოვლენა არ არის”. 

ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულმა, გვარად თვაურმა პატიმრობის მეათე წელზე, როდესაც ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე რჩებოდა, თავი მოიკლა.

ადგილობრივ უფლებადამცველებს არაერთხელ დაუყენებიათ საკითხი დასამსჯელო სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით. ისინი მოითხოვდნენ შრომითი ბანაკის შექმნას საერთო და მკაცრი რეჟიმის მჯავრდებულებისთვის, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ სუფთა ჰაერზე, ისარგებლონ ბიბლიოთეკით, ისწავლონ, დაეუფლონ პროფესიებს და საკუთარი ფული გამოიმუშაონ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პატიმართა საერთო რაოდენობა არასოდეს მიუღწევია 200 ადამიანს, ამ ტიპის სისტემის შესაქმნელად დიდი ფული არაა საჭირო, მითუმეტეს, 2008 წლის შემდეგ, როდესაც სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან კოლოსალური რაოდენობის ფულის შემოსვლა დაიწყო.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ახალი ძვირადღირებული ოფისები აუშენა ძალოვან სტუქტურებს, გაარემონტა და ახალი ავეჯით მოაწყო მთავრობის შვიდსართულიანი სახლი, ააშენა პარლამენტისა და უნივერსიტეტის ძვირადღირებული შენობები, თეატრი, მუზეუმი და კიდევ ბევრი რამ. თუმცა, არასოდეს, რომელიმე ჩინოვნიკს ან დეპუტატს პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არ უხსენებია. რუსეთის ათლიანი ფინანსური დახმარების გათვალისწინებით, ადეკვატური სისტემის შექმნაზე საუბარი არასოდეს ყოფილა. 

მართალია, სამი ამნისტია გამოცხადდა – 2012 წელს ლეონიდ თიბილოვის პრეზიდენტად არჩევის წინ, 2015 წელს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 70 წლისთავისთვის და 2017 წელს, როდესაც პრეზიდენტად ანატოლი ბიბილოვი აირჩიეს.

აღნიშნული ამნისტიების მიზეზები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული პატიმრების მდგომარეობა და ამის გამო საზოგადოების უკმაყოფილება, თუმცა, ამავე დროს სისტემის შესაცვლელად ნაბიჯს არ დგამს.

მათთვის ეს სისტემა ხელსაყრელია, რამდენდაც ის საზოგადოების დასაშინებელი ნაწილია. პრეზიდენტები გამოცხადებული ამნისტიებით თითქოს აკომპენსირებენ ამ სისტემას. ამავე დროს, ეს თითქოს მოწყალების ჟესტი – საჩუქარია მათი მხრიდან ახალი მმართველის ხელგაშლილობის საჩვენებლად.

თუმცა, რეალურად ეს “საჩუქრები” ბუტაფორია აღმოჩდა – ამნისტიით თითქმის არავინ გამოსულა. ის ძირითადად შეეხო ყველაზე უმნიშვნელო კანონდამრღვევებს, რომელთა ბრალიც ადგილობრივმა სამართლებრივმა სისტემამ, ადგილობრივი უფლებადამცვლების აზრით, მძიმე დანაშაულად გადააკვალიფიცირა.  

ეს არის მეთოდი საკუთარი უწყების ავტორიტეტის გამყარებისა, რომელსაც ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება.

ნასვამი მსახედროების ჩხუბი, სადაც ერთმა მეორე დაჭრა – დეპუტატი, ითარგმნება როგორც დეპუტატის, სახალხო რჩეულის წინასწარგანზრახული მკვლელობის მცდელობა.

კიდევ ერთი დასამახსოვრებელი შემთხვევა ედუარდ კოკოითის პრეზიდენტობის დროს უკავშირდებ – ახალგაზრდა კაცს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ უარი თქვა გენერალურ პროკურორისთვის მისი მოწონებული ავტომობილი ეჩუქა. მას უბრალოდ ერთ-ერთი გაუხსნელი საქმე “მიაკერეს”. 

ადგილობრივი უფლებადამცველების გამოხმაურებით ასეთი “შეკერილი საქმეები” საკმაოდ ბევრია და არ არის აუცილებელი რომ გამოცდილი იურისტი იყო, რომ მიხვდე, რამდენად ბევრია ასეთი აბსურდული ბრალდება. 

ძირითადად, ადამიანები რომლებიც სასჯელს იხდიან ბრალდებულებად შესაბამისი გამოძიებისა და მტკიცებულების გარეშე არიან აღიარებული.

ცხინვალის ციხეში სასჯელს 80 წლის მოხუცი იხდის, რომლის სახლშიც ჩხრეკისას პისტოლეტი აღმოაჩინეს. მასთან ერთად მყოფი პატიმრები ამბობენ, რომ პატიმარს ასაკობრივი სკლეროზი აქვს და ყოველ დღე უნდა შეახსენო, რატომ არის დაპატიმრებული.

მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლებოდა, მაგრამ სისტემა გაუტეხელია.

ადგილობრივი გამომძიებლები თავს არ იწუხებენ მტკიცებულებების შეგროვებაზე, ფაქტების მოძიებაზე, მოტივების გამორკვევაზე. ამასთან სასამართლო მათ უპირობოდ ეთანხმება. სამხრეთ ოსეთში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ნულს უტოლდება. 

ამ პატარა ტერიტორიაზე მხოლოდ სამი სააპელაციო ინსტანციაა, და ყველა მათგანი მოსამართლეების მცირე მეგობრული კოლექტივია, რომლებიც ერთ ოფისში სხედან.

სამხრეთ ოსეთის შეზღუდული სტატუსის გამო კი ადამიანები საერთაშორისო ინსტანციებს ვერ მიმართავენ.

შესაძლებელია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა რუსეთის, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, თუმცა, აქაც სირთულეებია. საქმე იმაშია, რომ ევროპულმა სასამართლომ “გაყინა” ყველა კერძო საჩივარი ამ ტერიტორიიდან, სახელმწიფოთაშორისო საქმის “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” დასრულებამდე. შესაბამისად, ყველა ეს საჩივარი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეიძლება განიხილონ.

 

[blue_box]უმნიშვნელო ცვლილებები ახლო წარსულში [/blue_box]

 

2017 წლის ივლისში პატიმრებმა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს. ხელისუფლება დუმდა თავიდან, მაგრამ შიშმილობის შესახებ ინფორმაციამ მაშინაც გამოჟონა და საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.

შესაბამისად, პირველად, ციხის არსებობის 25 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ რეჟიმი დაასუსტა. ციხეში კოსმეტიკური რემონტი ჩაატარეს, რკინის ფარდები ჩამოხსნეს და სარკმლები გააფართოვეს. კამერები გაყვეს ავადმყოფ და ჯანმრთელი პატირებზე, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლისა და სხვადასხვა რეჟიმის პატიმრებზე.

მათ, ვისზეც არ ვრცელდება განსაკუთრებული რეჟიმი, დღის საათებში ნება დართეს არ დახურონ კამერები და არ შეუზღუდონ სეირნობის დრო ეზოში. 

პატიმრებს ასევე დაპირდნენ სამჯერად კვებას, მაგრამ პუნქტის შესრულებაზე მხარეების აზრი იყოფა. ზალინა ლალიევას მტკიცებით, დაპირება შესრულდა, მაგრამ პატიმრების განცხადებით კი, ციხეში კვლავ შიმშილია. 

სამხრეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის იური კოკოევის თქმით, სამართლებრივი კუთხით იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილებას აჭარბებს. რეჟიმს სასამართლო აწესებს განაჩენის გამოტანის დროს და მხოლოდ სასამართლოს აქვს მისი შეცვლის უფლებამოსილებაც.

მთლიანობაში, 2017 წლის შემდეგ პატიმრების მდგომარეობა გაუმჯობესდა. არ ყოფილა საპროტესტო აქციების მიზეზიც, ერთი თვის წინ იუსტიციის სამინისტროს რომ არ მიეღო გადაწყვეტილება ადგილობრივი ციხისა და დროებითი განთავსების იზოლატორის რუსულ შიდა განაწესზე გადასვლის შესახებ. 

პატიმრებს შეუზღუდეს სეირნობა ეზოში და ამანათების მიღება ახლობლებისგან – მხოლოდ თვეში ერთხელ იზოლატორში და ციხეში – მაქსიმუმ თვეში ორჯერ.

რუსული რეგულაციები ითვალისწინებს, ამანათით 30 კილოგრამი საკვების მიწოდებას წელიწადში. ამასთან იუსტიციის სამინისტროს გამორჩა ის ფაქტი, რომ ციხეში ისედაც შიმშილობა იყო არასაკმარისი საკვების გამო. 

უფლებადამცველი ფატიმა მარგიევას აზრით იუსტიციის სამინისტრომ რუსული რეგულაციები არ უნდა გადმოიღოს, იმიტომ რომ ვერ უზრუნვეყოფს მათ შესრულებას ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხინვალის ციხის შიდაგანაწესი – წამების დაწესებულებად იქცევა.

ამჟამად კოლონიაში 56 პატიმარია – 38 მსჯავრდებული და 18 ეჭვმიტანილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი