ნეტგაზეთი | “პირველი არხი” “ფორმულას” იუმორისტული სკეტჩის გამო უჩივის “პირველი არხი” “ფორმულას” იუმორისტული სკეტჩის გამო უჩივის – Netgazeti
RU | GE  

“პირველი არხი” “ფორმულას” იუმორისტული სკეტჩის გამო უჩივის

საზოგადოებრივი მაუწყებელი ტელეკომპანია “ფორმულის” იუმორისტულ გადაცემას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. ინფორმაციასა და “პირველი არხის” საჩივრის ტექსტს თავად “ფორმულა” ავრცელებს.

საქმე ეხება ტელეკომპანია “ფორმულის” გადაცემა “ფსკერის” მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ მომზადებულ იუმორისტულ სატირულ სკეტჩს.   სკეტჩში გაშარჟებულია “პირველი არხის” გადაცემა “ახალი დღე”, რომლის “ჟურნალისტიც” აშუქებს სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით გამართული “ფულის წყალში გადაყრის ჩემპიონატის ფინალს”.

საჩივრის ტექსტში “პირველი არხი” აცხადებს, რომ სკეტჩი მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. მაუწყებელი ხაზს უსვამს, რომ სკეტჩში უცვლელად იყო გადმოტანილი “პირველი არხის” ლოგო, გადაცემა “ახალი დღის” ლოგო და ვიზუალური შეფუთვა.

“…სოციალურ ქსელში მასალა გავრცელდა იმგვარად, რომ საერთოდ არ აქვს მითითებული ტელეკომპანია “ფორმულას” თავისი, როგორც მაუწყებლის, მაიდენტიფიცირებელი ნიშნები”.

“მიგვაჩნია, რომ იუმორისტულ სკეტჩად შეფუთული პირველი არხის გადაცემის ‘ახალი დღე’ უნიჭო იმიტაცია განზრახ მიმართული იყო მაყურებლის შეცდომაში შეყვანაზე, რადგან პირველი არხის სახელით და ‘არაიუმორისტული‘ ფორმით, გადაცემა ‘ფსკერის’ სახელით გავრცელდა პოლიტიკური კონტექსტის მქონე კონტენტი.

ნდობა – ეს არის ერთ-ერთი ღირებულება, რასაც ეფუძნება საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამიტომ, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია პირველი არხის სახელით ეთერში, თუნდაც ‘იუმორის’ სახით შეფუთული კონტენტის მომზადება და ეთერში გაშვება”, – წერია საჩივარში, რომელსაც “ფორმულა” ავრცელებს.

ტექსტის თანახმად, მაუწყებელს მიაჩნია, რომ სკეტჩით “ფორმულამ” დაარღვია კანონი “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”.

აღნიშნულს გამოეხმაურა გადაცემა “ფსკერის” წამყვანი ნიკა ქავთარაძე, რომელმაც თქვა, რომ ამ საჩივრით საზოგადოებრივი მაუწყებელი, “ფაქტობრივად, იუმორის, სარკაზმის, პაროდიის სანქცირებას მოითხოვს”.

“ეს არის მცდელობა, რომ უცნაური შეფუთვით გამოხატვის თავისუფლება შეზღუდონ. ეს არის იუმორისტული გადაცემა, შესაბამისად, არ არის შეზღუდვა”, – განაცხადა ქავთარაძემ.

“ნეტგაზეთი” საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირებას ცდილობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან