ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინი” 270 ათასი ლარით დააჯარიმა

20 აგვისტო, 2020 • 1136
კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინი” 270 ათასი ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ “კავკასუს ონლაინი” 270 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომისია ავრცელებს. მათივე განმარტებით, “კავკასუს ონლაინს” კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ფულადი ჯარიმა მესამედ დააკისრეს.

 “კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით  დაჯარიმდა. კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეათე თვეა არ ასრულებს. „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს”, — ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ეს უკვე მეექვსე სანქციაა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის მიმართ გამოიყენა.

მათივე განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

“ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს და 25 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“  270 000- ლარიანი ჯარიმა ორჯერ დააკისრა”, — აცხადებენ კომისიაში.

როგორც ცნობილია, 17 ივლისს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.  ერთ-ერთი შემთხვევა კი, როცა კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა შეუძლია, კონცენტრაციის საკითხს შეეხება, როცა წილის ან აქტივების გასხვისება ან შერწყმა კომისიის თანხმობის გარეშე ხდება.

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მასალების გადაბეჭდვის წესი