ახალი ამბები

საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად – გამყრელიძე

26 აგვისტო, 2020 • 811
საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ჩართულია მოლაპარაკებებში Covid-19-ის ვაქცინის მისაღებად.

გამყრელიძემ 26 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ Covid-19-ის ვაქცინის წარმოება შედის ფინალურ ეტაპზე: „9-მდე ვაქცინა გადის დღეს კლინიკურ კველევებს, აქედან 3 უკვე მესამე ფაზის კვლევებშია“.

გამყრელიძის თქმით, აქედან გამომდინარე შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.

მისი განცხადების თანახმად, „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ (Gavi-ს) კოორდინირებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნებთან ვაქცინის შესაძლო მოწოდებასთან დაკავშირებით:

„ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოც (საგარეო საქმეთა, ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები, NCDC)… ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წინა ეტაპზეა ოქსფორდის და ასტრაზენეკას ერთობლივი წარმოების ვაქცინა და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო [გახდეს ერთ-ერთი, რომელიც მიიღებს ვაქცინას]“.

„იქ არის პირობები ვაქცინის მიღებისა, რომელიც ქვეყანას უდგება, როგორ, რა პირობები უნდა გავიაროთ განაცხადთან დაკავშირებით, რაც განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე და პრემიერმა შესაბამისი დავალებები მისცა შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) რამდენიმე თვეა, ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ვაქცინის შექმნაზე მუშაობს – მის ტესტირებაში სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები მონაწილეობენ.

ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ან აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA-ს) არ აქვს დამტკიცებული კორონავირუსის ვაქცინა.

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიამ AstraZeneca-სთან  წინასწარი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, ავსტრალიის მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

„ოქსფორდის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იმედის მომცემია მსოფლიოში, ამ შეთანხმების შედეგად კი ჩვენ ნაადრევი წვდომა გვექნება ვაქცინაზე, რომელსაც ავსტრალიის ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.

კომპანია 3 მილიარდი ვაქცინის დოზის საწარმოებლად უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანის მთავრობასა და ორგანიზაციებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი