ახალი ამბები

ავსტრალია კოვიდ 19-ზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას გეგმავს

19 აგვისტო, 2020 • 871
ავსტრალია კოვიდ 19-ზე  მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას გეგმავს

ავსტრალიამ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, AstraZeneca-სთან  წინასწარი შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მიერ შექმნილი Covid-19-ის ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, ავსტრალიის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბრიტანული კომპანია AstraZeneca  ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად ვაქცინის შექმნაზე მუშაობს – მის ტესტირებაში  სხვადასხვა ქვეყნებში მოხალისეები მონაწილეობენ.

შეთანხმების თანახმად, ავსტრალიის მთავრობამ ვაქცინა უნდა აწარმოოს და საკუთარ მოქალაქეებს უფასოდ შესთავაზოს.

“ოქსფორდის ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იმედი სმომცემია მსოფლიოში, ამ შეთანხმების შედეგად კი ჩვენ ნაადრევი წვდომა გვექნება ვაქცინაზე, რომელსაც ავსტრალიის ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა.

მორისონის თქმით, მიუხედავად ამ შეთანხმებისა,  არ არსებობს გარანტია, რომ ეს ან რომელიმე სხვა ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნული ვაქცინა ერთ-ერთია მათ შორის, რომელთა პერსპექტივაც ამ დროისთვის საუკეთესოდ არის მიჩნეული.

CNN-ის ცნობით, შეთანხმება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ორივე მხარემ მოაწერა ხელი წინმსწრებ შეთანხმებას, საბოლოო ოფიციალური შეთანხმების გაფორმება კი მომავალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც უკვე განისაზღვრება კონკრეტული დეტალები, მათ შორის, ფასი და დისტრიბუციის საკითხები. CNN-ის ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობამ ადრეც განაცხადა, რომ ისინი მილიარდობით დოლარს დახარჯავენ ვაქცინაციის სტრატეგიისთვის.

კომპანია 3 მილიარდი ვაქცინის დოზის საწარმოებლად უკვე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყანის მთავრობასა და ორგანიზაციებთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ოქტომბრისთვის ქვეყანა 300 მილიონ ვაქცინას მიიღებს. კომპანიას შეთანხმებები აქვს გაფორმებული ასევე რუსეთთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ჩინეთთან და ბრაზილიასთან. ამასთან, კომპანიამ გარიგება დადო ევროკომისიასთანაც, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის 400 მილიონი ვაქცინა გამოიყოფა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, პასკალ სორიოტის თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდებას 2020 წლის ბოლოსთვის შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი