ახალი ამბები

პლაკატების გამო ევსაქების დაჯარიმებით კანონი არ დარღვეულა – უწყებათაშორისი კომისია

25 აგვისტო, 2020 • 1053
პლაკატების გამო ევსაქების დაჯარიმებით კანონი არ დარღვეულა – უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო “ევროპული საქართველოს” დაჯარიმება კანონიერი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ კომისიის ბოლო სხდომაზე იმსჯელეს.

“კომისიის მეოთხე სხდომაზე განიხილეს მედიით გავრცელებული,  „ევროპული საქართველოს“ გენერალურ დირექტორ გიორგი უგულავას განცხადება  საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის პარტიის აქტივისტების დაჯარიმების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა კანონის სრული დაცვით, კოდექსის 1502-ე მუხლის პირველი ნაწილის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) საფუძველზე. ამდენად,  პარტიის აქტივისტების მიმართ კანონდარღვევას ადგილი არ  ჰქონია”, – აღნიშნავს უწყება.

უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სტრუქტურაა, რომელიც მთავრობის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, აუდიტის სამსახურისა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

“ევროპული საქართველო” საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის 12 აგვისტოს 500 ლარით დააჯარიმეს. პარტიას ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოუწერეს, რაც პლაკატებისა და სხვა მასალის განთავსებას გულისხმობს ისეთ ადგილებზე, რომლებიც ამისთვის არ არის გამოყოფილი.

პარტიაში გადაწყვეტილება შეაფასეს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიმართ უკანონო მეთოდების გამოყენებად და თქვეს, რომ ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. “ევროპულმა საქართველომ” ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი