ახალი ამბები

ნორმალური ქვეყანა გამოძიებას დაიწყებდა – ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსზე”

25 აგვისტო, 2020 • 1691
ნორმალური ქვეყანა გამოძიებას დაიწყებდა – ბურჯანაძე “პატრიოტთა ალიანსზე”

“არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა განსაკუთრებული მცდელობა სჭირდება რუსეთს, რომ ქართულ არჩევნებში ჩაერიოს”, – ასე უპასუხა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად აჩვენებს რუსეთის ჩარევას საქართველოს არჩევნებში ჟურნალისტური პლატფორმის, “დოსიეს” მიერ “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაცია.

“რაც შეეხება გუშინდელ ბრალდებას, მე ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, “პატრიოტთა ალიანსი” პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით მარტო იმ შემთხვევაში კი არა, როდესაც საუბარია რუსეთზე, რომელსაც მართლა ოკუპირებული აქვს ჩვენ ტერიტორია, არამედ იმ შემთხვევაშიც, მეგობარი სახელმწიფო რომ იყოს, იმიტომ, რომ კანონით აკრძალულია უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

მისი თქმით, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ პროკურატურაში განცხადების შეტანა საჭირო არ უნდა გამხდარიყო და პროკურატურას თავისი ინიციატივით უნდა დაეწყო გამოძიება.

25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმ ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შეიტანა განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით. ხოშტარიას თქმით, საქმის გამოძიება „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

წინა დღეს ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ დაწერა, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და მათ საქმიანობაზე ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

პატრიოტთა ალიანსი დაფინანსებაზე ბრალდებებს უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სხვა უცხოურ კომპანიებთან ერთად, ერთ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთანაც თანამშრომლობს.

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი