სომხეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში სომხურ პროდუქციაზე რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები გაასაჩივრა და მოელის, რომ არსებული მექანიზმების ამოქმედებით დაბრკოლებები აღმოიფხვრება. როგორც არმენპრესი წერს, ამის შესახებ ბრიფინგზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ტიგრან გასპარიანმა განაცხადა.

მოსკოვი სომხეთთან ვაჭრობის შემცირებაზე საუბრობს და კლების გაგრძელებას ელოდება

„აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რუსეთთან ჩვენი კონტაქტები, არამედ ჩვენი შესაძლებლობები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, ვინაიდან არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მსგავსი დაბრკოლებების მოსახსნელად. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. გავასაჩივრეთ და გვაქვს იმედი და დარწმუნებულობა, რომ მექანიზმებმა უნდა იმუშაოს, რათა დაბრკოლებები მოიხსნას“, – განაცხადა გასპარიანმა.

ჟურნალისტის დაზუსტებით შეკითხვაზე, არის თუ არა უსაფუძვლო რუსული მხარის მტკიცებები სომხური პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით, გასპარიანმა უპასუხა, რომ სომხური მხარის შეფასებით, დაწესებული დაბრკოლებები არ შეესაბამება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღწეულ შეთანხმებებსა და პრინციპებს.

„ჩვენი აზრით, დაბრკოლებები არ შეესაბამება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებსა და პრინციპებს. ამიტომაც ვიბრძვით, რათა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა საკუთარი პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს“, – აღნიშნა მან.