ახალი ამბები

ხოშტარიამ პროკურატურას მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით

25 აგვისტო, 2020 • 1048
ხოშტარიამ პროკურატურას მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების გამოძიების მოთხოვნით

25 აგვისტოს „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში შეიტანა განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთისგან შესაძლო დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით.

წინა დღეს ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმა „დოსიემ“ დაწერა, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, — „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები და მათ საქმიანობაზე ანგარიშს სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700,000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5 მლნ-იან ბიუჯეტზე. „პატრიოტთა ალიანსში“ რუსეთისგან დაფინანსების მიღება უარყვეს.

ელენე ხოშტარიამ გავრცელებულ ცნობას „საგანგაშო ინფორმაცია“ უწოდა და ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში შეიტანა განცხადება. მან ჟურნალისტებს განუცხადა:

„აქ არის დანაშაული ,ამ პარტიის მხრიდან ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება, შპიონაჟი, ფინანსების მიღება ოკუპანტისგან. მე კვალიფიკაციებს ვერ ჩამოვთვლი, ამისთვის არსებობს ქვეყანაში პროკურატურა, წესით, რომ მსგავს საქმეებზე დაიწყოს გამოძიება, ყველანაირი მიმართვის გარეშე. აქ მოყვანილია ციტატები, პირდაპირი ინსტრუქციები რუსეთის მხრიდან, პირდაპირ კრემლთან მიმავალი ხაზით“.

ხოშტარიას თქმით, საქმის გამოძიება „ქართული ოცნებისთვის“ ტესტი იქნება.

„ნეტგაზეთის“ დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურაში არ გაუკეთებიათ ამ საკითხზე კომენტარი.

ვრცლად:

როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“

მასალების გადაბეჭდვის წესი