“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ თუ ვინმემ დაარღვია ოპოზიციის შეთანხმება თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

საუბარია საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის დაყენებაზე, სადაც ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.

“თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადასახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მისი მხრიდან”,- ამბობს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ პრობლემის გამოსწორება აუცილებლად არ გულისხმობს თაკო ჩარკვიანის მიერ კანდიდატურის მოხსნას.

“შესაძლოა, გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ. ძალიან ბევრი ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ. მე ამას პრობლემად არ ვთვლი გიორგი ვაშაძის მიმართ, მაგრამ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია გიორგი ვაშაძის მიმართ, ამ პრეტენზიას გარკვეული საფუძველიც გააჩნია”,- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

“ლეობორისტული პარტიის” ოფისში მიმდინარე კონსულტაციებში მონაწილე ოპოზიციის დიდი ნაწილი თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებულია. თუმცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ისანში, სადაც ოპოზიცია გიორგი ვაშაძეს უჭერს მხარს, პარტიული კანდიდატის წარდგენას არ გამორიცხავს. ენმ ამბობს, რომ შეთანხმება ვაშაძემ დაარღვია, როდესაც საბურთალოზე თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

“პოლიტიკური შეცდომა ვინ რა დაუშვა, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ჩვენ ბოლშევიზმში არ ვცხოვრობთ, სხვა პარტიებმა ერთმანეთს მიუთითონ, ვინ რა შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ისანს, ვფიქრობ, ეს საუბრებიც დამაზიანებელი იყო, მაგრამ, იმედი მაქვს, საბოლოოდ რაციონალური აზრი გაიმარჯვებს და სიტყვის გამტეხი არავის სჭირდება არც პოლიტიკაში და არც ქვეყნის მართვაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.