ახალი ამბები

ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართება

21 აგვისტო, 2020 • 1607
ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს გაიმართება

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 20 ოქტომბერს დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის და მათი საერთო შვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

როგორც პროკურატურაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ოჯახში ძალადობის საქმეზე  ბრალი დაუზუსტდა.

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით,  ბასილაშვილს ბრალდების მხარე ძალადობის მხოლოდ ერთ შემთხვევას ედავებოდა, თუმცა ბრალის დაზუსტების შედეგად,  მას ფიზიკური ძალადობის კიდევ ოთხ ეპიზოდს და სისტემატური ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას ედავება.

“გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამასთანავე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ ბრალად წარდგენილი ეპიზოდების გარდა, ფიზიკური ძალადობის რამდენიმე ინციდენტის შემთხვევაში გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ხანდაზმულობის მიუხედავად, საქმის საერთო განხილვისას სასამართლომ ეს ეპიზოდებიც მიიღოს მხედველობაში.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე 24 მაისს განიხილეს. მოსამართლემ ბასილაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
  • საქმის პროკურორი ასევე ამბობდა, რომ შემაკავებელი ორდერი ბასილაშვილის მამის წინააღმდეგაც იყო გამოწერილი. 
  • საქმეს სწავლობს სახალხო დამცველიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი