ახალი ამბები

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები ლუკაშენკოს პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ

17 აგვისტო, 2020 • 1204
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები ლუკაშენკოს პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომლის ბელორუსის პრეზიდენტად მეექვსე ვადით არჩევასაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა, პერსონა ნონ-გრატად მიიჩნევენ. საერთო განცხადებას ხელს აწერენ: EPP, S&D, Renew Europe, Greens/EFA and ECR.

აღნიშნული პოლიტიკური  ჯგუფები უერთედებიან მოთხოვნას, რომ ბელორუსში ახალი და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს და მკაცრად გმობენ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს აპროტესტებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბელორუსში 9 აგვისტოს ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

“სანდო ცნობები მიანიშნებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე. ამიტომ ჩვენ არ ვაღიარებთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსის ახალარჩეულ პრეზიდენტად და მას ევროკავშირში პერსონა ნონ-გრატად ვთვლით. ჩვენ ვუერთდებით ბელორუსი ხალხის ახალი და თავისუფალი არჩევნების მოთხოვნას, დამოუკიდებელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ”, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე გმობენ ინტერნეტსა და მედიაზე წვდომის ჩახშობას, გზების ჩაკეტვასა და ჟურნალისტთა დაშინებას იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია არ გავრცელდეს.

როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, ევროკაშვირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს სანქციები ბელირუსის მაღალჩინოსნების მიმართ.

მათივე თქმით, ევროკავშირმა ბელორუსთან ურთიერთობებს უნდა გადახედოს, მათ შორის უნდა გადაიხედოს  მინსკთან თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

პროტესტი და შეტაკებები ბელორუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი