ახალი ამბები

ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას — ზურაბიშვილი ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე

17 აგვისტო, 2020 • 1330
ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას — ზურაბიშვილი ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მოვლენებს  პირველად ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი “ფეისბუკზე” წერს, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება და იმედოვნებს, რომ მიმდინარე პროცესები ბელარუსის დემოკრატიულ მომავალს არ დააზიანებს.

“საქართველო პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს და ერთგულია დემოკრატიული პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ჩვენი ორი მეგობარი სახელმწიფოს განვითარება, წინსვლა და ევროპულ ოჯახში დაბრუნება.

ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დასრულდება ისე, რომ ბელორუსის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს არ დააზიანებს და არც შეაფერხებს. ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას. გვჯერა, რომ ბელორუსია და მისი ხალხი შეძლებს საკუთარი მომავლის დემოკრატიულად გადაწყვეტას”, — წერს ზურაბიშვილი.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს

მასალების გადაბეჭდვის წესი