ახალი ამბები

უცნობია, რატომ შეასრულა სამთავრობო თვითმფრინავმა თბილისი-მინსკი-თბილისის რეისი

17 აგვისტო, 2020 • 1372
უცნობია, რატომ შეასრულა სამთავრობო თვითმფრინავმა თბილისი-მინსკი-თბილისის რეისი

თვითმფრინავი, რომლის ექსპლოატაციასაც “ჯორჯიან ეარვეიზი” ახორციელებს, 16 აგვისტოს თბილისიდან მინსკში გაფრინდა, შემდგომ კი უკან დაბრუნდა. ამ დროისთვის უცნობია, რა მიზნით შესრულა რეისი სამთავრობო თვითმფრინავმა, რომელსაც, ჩვეულებრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ ვიზიტებისთვის იყენებენ.

რადარების მონაცემების თანახმად, თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით 4L-GAA, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 აგვისტოს, 16:54 საათზე აფრინდა და მინსკის სახელმწიფო აეროპორტში 19:11 საათზე დაჯდა. ლაინერმა მინსკი 20:04 საათზე დატოვა და 23:49 საათზე დაბრუნდა თბილისში.

თავდაპირველად, ანალიტიკოსმა ეგორ კუროპტევმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი 16 აგვისტოს – ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციების დღეს – მინსკში ჩაფრინდა, იქ ერთი საათი დაჰყო და უკან დაბრუნდა. ამას მოჰყვა ცნობა თვითმფრინავში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის შესახებაც.

ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ კატეგორიულად გამორიცხა ზურაბიშვილის მიერ არათუ საქართველოს, არამედ თბილისის დატოვებაც. რაც შეეხება ცნობას დელეგაციის შესახებ, “ნეტგაზეთი” ამის გარკვევას ცდილობს და ახალ ცნობებს მათი მიღებისთანავე მოგაწვდით.

16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი