ახალი ამბები

დავაკავეთ 65 წლის ფოსტალიონის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები: შსს

16 აგვისტო, 2020 • 777
დავაკავეთ 65 წლის ფოსტალიონის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები: შსს

პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა ორი პირი, რომელსაც შუახევში 64 წლის ფოსტალიონის ჯგუფურად დაყაჩაღება ედება ბრალად. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ “ლიბერთი ბანკის” გამსვლელ მოლარე-ოპერატორს,  ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა – 7000-მდე ლარი. ამის შემდეგ,  ორივე ბრალდებული ფოსტალიონის დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“სამართალდამცველებმა ა.დ. და ხ.ც. ქედის მუნიციპალიტეტში, ცხელ კვალზე, იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყაჩაღურად დაუფლებულ თანხასთან ერთად მიმალვას ცდილობდნენ. პოლიციამ, ხ.ც.-ს დროებით მფლობელობაში არსებული ავტომობილიდან, გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა”, – აღნიშნავს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/294996/

მასალების გადაბეჭდვის წესი