ახალი ამბები

ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი — სესიაშვილი

15 აგვისტო, 2020 • 954
ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი — სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკამათო რეზოლუცია 1633, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ბრალზეც საუბრობს, კომპრომისულად მიიღეს და საქართველო აპროტესტებდა მის პასუხისმგებლობაზე ჩანაწერს.

სესიაშვილის თქმით, ბაქრაძემ “ქვეყნის ღალატს” კომპრომისი უწოდა.

“ბატონმა ბაქრაძემ ქვეყნის ღალატს დაარქვა კომპრომისი. გუშინ ბატონი ბაქრაძე გვიმტკიცებდა, რომ თურმე საერთაშორისო სამართლით დადგენილი ფაქტისთვის, ოკუპაციისთვის, ოკუპაციის აღიარებისთვის საჭირო გახდა იმის ჩაწერა ამ რეზოლუციაში, რომ ჩვენმა სამხედროებმა ცხინვალი დაბომბეს. ეს არის მათი კომპრომისი”, — განაცხადა სესიაშვილმა.

14 აგვისტოს „რუსთავი 2-ზე“ გადაცემის „ღამის კურიერში“ წამყვანმა დავით ბაქრაძეს მოუყვანა ციტატა აღნიშნული რეზოლუციიდან და ჰკითხა, თუ რა მიზეზით მოაწერა მას ხელი მაშინდელმა საპარლამენტო გუნდმა მისი თავმჯდომარეობით.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ეს მუხლი და ეს ჩანაწერი არის ცუდი“ და ასეთი განმარტება გააკეთა:

„ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირდა ის, რომ რუსეთი არის დამნაშავე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისთვის“.

„ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარია ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, — რომ ქართული მხარე მონაწილეობდა იმ სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმდჯომარემ განაცხადა, რომ ეს, „რა თქმა უნდა, არის ცუდი პუნქტი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს არ არის ჩვენი დელეგაციის დაწერილი დოკუმენტი“ და დასძინა:

„ეს არის დოკუმენტი, რომელსაც კენჭს უყრიდა 47 ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არის დოკუმენტი, სადაც რუსეთს მთლიანად მხარს უჭერდა სოციალისტების ჯგუფი. სხვათა შორის, სოციალისტები ის ჯგუფია, სადაც ქართული ოცნების დელეგაციაა გაწევრიანებული ევროსაბჭოში, ასე რომ, საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორებს მოჰკითხონ, რატომ არის ეს ჩანაწერი ამ დოკუმენტში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი