Interviewsახალი ამბები

“ოცნების” წარმომადგენელს მანქანით დაეჯახნენ და სასტიკად გაუსწორდნენ — სესიაშვილი

30 სექტემბერი, 2020 •
“ოცნების” წარმომადგენელს მანქანით დაეჯახნენ და სასტიკად გაუსწორდნენ — სესიაშვილი

უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ დღეს, 30 სექტემბერს, დილით “ქართული ოცნების” წარმომადგენელს თავს დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა აღნიშნული პირი მარნეულში მიდიოდა.

როგორც სესიაშვილი ამბობს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ჯერ მანქანით დაეჯახნენ და შემდეგ სამმა კაცმა სცემა.

უმრავლესობის წევრი მომხდარს ოპონენტებს უკავშირებს და ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები არჩევნებამდე “პროვოკაცების გზით” მისვლას აპირებენ.

“როგორც ჩანს, მას უკნიდან დაეჯახნენ, შემდეგ გააჩერეს მანქანა და სასტიკად გაუსწორდნენ, დაახლოებით სამი ადამიანი იყო. კონკურენტების ხელი ურევია იმიტომ, რომ მიზანმიმართულად ცდილობენ პროვოკაციის მოწყობას. მე მგონი, ჩვენი ოპონენტები წარსულში დაბრუნდნენ და ჰგონიათ, რომ ძალადობრივი გზით მოახადნენ თავიანთ პოლიტიკურ რეაბილიტაციას, მაგრამ, ცხადია, ამაზე ჩვენი რეაქცია იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი აქტივის მოწოდება, რომ არ აყვნენ ამ მოწოდებას, მეორე მხრივ, თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები ამაზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ”, — განაცხადა სესიაშვილმა “იმედთან”.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ხოლო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ მათთან შეტყობინება ავტოვარიაზე შევიდა და დაშავებული “ნიუ ჰოსპიტალშია” გადაყვანილი.


გუშინ, 29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო.

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ადანაშულებს.

“10-ზე მეტი ადამიანი იყო, ძალიან ბევრი” – ჟურნალისტი მასზე თავდასხმას იხსენებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი